ანა დოლიძე - იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ
ანა დოლიძე - იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იზიარებს გედევან ფოფხაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის წინადადებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი უნდა შეჩერდეს.

ეს საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფში კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს.

ინიციატივას დაეთანხმნენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებმაც მოგვიანებით სხდომა დატოვეს.

როგორც შეხვედრის დატოვებამდე ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაუშვებელია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი ისე გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა.

„ერთი წელია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ. ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა.

რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისათვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა დოლიძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს.

როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, შეხვედრისას, ფორმატის ცვლილების თაობაზე, მან კონკრეტული წინადადებები დააყენა, მათ შორის – ჯგუფის რაოდენობის შემცირებისა და კონკრეტული კვოტების განსაზღვრის საკითხი.

ამასთან, სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა  დატოვეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა. როგორც მათ განაცხადეს, ვიდრე ფორმატი არ შეიცვლება, პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს, პროტესტის ნიშნად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.