ირაკლი ზარქუა - აშშ-ის საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაციები გამობრძანდნენ და ლაშა ჩხიკვაძეს მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებისთვის ბოდიში მოუხადონ
ირაკლი ზარქუა - აშშ-ის საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაციები გამობრძანდნენ და ლაშა ჩხიკვაძეს მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებისთვის ბოდიში მოუხადონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, აშშ-ის საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისთვის ბოდიშის მოხდა ეკუთვნით.

ამასთან, ზარქუა მიიჩნევს, რომ სწორი იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აშშ-ის საელჩოსთვის მიმართვა, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი დაიწყოს.

„საელჩო, მთელი თავისი ამფსონებით, ამ ოჯახს აბულინგებდით მოსამართლის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ განხილვაში არ მიიღო, რადგან სამართლიანად მიესაჯაო. ახლა რა ვქნათ? არ ეკუთვნით, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ? თქვან, რომ შეცდომა დავუშვით, ბატონ ლაშა ჩხიკვაძეს უსაფუძვლოდ დავდეთ ბრალი მიკერძოებულ გადაწყვეტილებაში, ბოდიშს ვიხდით მისი ოჯახის და რეპუტაციის წინაშეო. როგორც საელჩოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოდიშის მოხდა ეკუთვნით. იმ ოთხ მოსამართლეზე, რომლებიც სანქცირების ქვეშ არიან, ამდენი ხანი ველოდებით და ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს. ასე როგორ შეიძლება, გაგრძელდეს?! როგორ შეიძლება, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტების საფუძველზე, შენ უსაფუძვლოდ დაასანქცირო დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს მოსამართლე?! აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სწორი მიმართვა იყო ჩვენი ლიდერების მხრიდან. დიახ, იქ, სადაც არის შეცდომა დაშვებული, არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ საელჩო, ელჩების მხრიდან, იქ უნდა იყოს კეთილი ნება. გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის 5 აპრილს დაუწესა.

ამასთან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ლაშა ჩხიკვაძე 2022 წელს აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი პროგრამიდან მოიხსნა.

შეგახსენებთ, ლაშა ჩხიკვაძე იყო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომლის განაჩენი გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა. საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.