მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა სანქციების მოხსნის საკითხში კატეგორიული ვართ, ვიმედოვნებ, აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში ეს შესრულდება, დეგნანს სხვა მოტივაცია ჰქონდა
მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა სანქციების მოხსნის საკითხში კატეგორიული ვართ, ვიმედოვნებ, აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში ეს შესრულდება, დეგნანს სხვა მოტივაცია ჰქონდა

ჩვენ ძალიან კატეგორიულები ვართ სანქციების მოხსნის საკითხში. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს, უსაფუძვლო სანქცირება, რომელიც განხორციელდა ქართველი მოსამართლეების მიმართ, წარმოშობს სხვა უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის, სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის პირობა, რაც კელი დეგნანის პირობებში არ იყო შესაძლებელი.

„ჩვენ ვთხოვთ მათ და მგონია, რომ ახალი ელჩის, რობინ დანიგანის პირობებში ეს შესაძლებელია. ეს არ იყო შესაძლებელი კელი დეგნანის პირობებში. ქალბატონ დეგნანს ჰქონდა სხვა მოტივაცია, რაც ნამდვილად არ ჩანს დანიგანის პირობებში. მე იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ის უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს. მაგალითად, ერთი ყოფილი და სამი მოქმედი მოსამართლის გარდა, ასეთივე პრაქტიკული სანქციები შეეხო ლაშა ჩხიკვაძეს. გამოვიდა ადამიანი და თქვა, რომ ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა იმ უსაფუძვლო ბრალდებების გამოო. წარმოიდგინეთ, მართალი ხარ, შენს მოვალეობას ასრულებ კეთილსინდისიერად და ისეთი ბულინგია შიგნით თუ გარეთ დაფინანსებული, ე.წ. დაბუსტული, რომ შენ კი არა, შენს შვილსაც შეეხო ფსიქოლოგიურად. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. როგორც მოსამართლე ჩხიკვაძის, ისე სხვათა მიმართ უნდა მოიხსნას სანქციები,  ვინაიდან ეს ცალკე დიდ, ცრუ აგრესიას წარმოშობს, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი არიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიმართა აშშ-ის საელჩოს, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი დაიწყოს.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის 5 აპრილს დაუწესა.

ამასთან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ლაშა ჩხიკვაძე 2022 წელს აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი პროგრამიდან მოიხსნა.

შეგახსენებთ, ლაშა ჩხიკვაძე იყო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომლის განაჩენი გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა. საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.