„ამნესთი ინთერნეშენალი“ რუსეთს ხარკოვში ომის დანაშაულთა ჩადენაში ბრალს სდებს
„ამნესთი ინთერნეშენალი“ რუსეთს ხარკოვში ომის დანაშაულთა ჩადენაში ბრალს სდებს

„ამნესთი ინთერნეშენალი“ რუსეთს ხარკოვში ომის დანაშაულთა ჩადენაში ბრალს სდებს. უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ 40-გვერდიან დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ხარკოვში კასეტური საბრძოლო მასალა და თავდასხმის სხვა განურჩეველი საშუალებები გამოიყენა.

„ხარკოვის საცხოვრებელი უბნების განმეორებითი დაბომბვა წარმოადგენს განურჩეველ თავდასხმას, რომლებითაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა და წარმოადგენს ომის დანაშაულს. ეს ეხება როგორც კასეტური, ისე უმართავი რაკეტებით და საარტილერიო ჭურვებით განხორციელებულ დარტყმებს, რომლებიც ატარებენ განურჩეველ ხასიათს მშვიდობიანი მოსახლეობის კონცენტრაციის ადგილთან ახლოს გამოყენებისას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაციის მკვლევრების ინფორმაციით, მათ ხარკოვის სხვადასხვა რაიონში დოკუმენტურად დააფიქსირეს შვიდი დარტყმა, სადაც ნაპოვნი იქნა „9Н210“ ან „9Н235“ ტიპის კასეტური ჭურვების ნამსხვრევები. ორგანიზაციის განცხადებით, „კასეტური ჭურვები თავისი ხასიათით განურჩეველია“.

„რაკეტებისგან თავისუფლდება მასში შემავალი ათობით საბრძოლო მასალა, რომლებიც ასობით კვადრატულ მეტრზე იფანტება. დამატებით, კასეტური ჭურვები შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, რომელიც დიდი ალბათობით არ ფეთქდება დარტყმისას და გარდაიქმნება ნაღმებად, რომლებიც წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დიდი ხნის შემდეგაც“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების უფროსი მრჩეველის, დონატელა როვერას განცხადებით, გამოძიება წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობის უგულვებელყოფის კიდევ ერთ მტკიცებულებას.

„ხალხს კლავდნენ მათ სახლებსა და ქუჩებში, საბავშვო მოედნებსა და სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარების რიგში დგომისას ან საკვების და მედიკამენტების ყიდვისას. ფართოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის განმეორებითი გამოყენება შოკისმომგვრელია“, – განაცხადა როვერამ.