ამირან გამყრელიძე - სახელმწიფოს მიერ დაწესებული წახალისება გარკვეულწილად მუშაობს, მაგრამ 60 წელს ზემოთ პირების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა უფრო აქტიურადაა საჭირო
ამირან გამყრელიძე - სახელმწიფოს მიერ დაწესებული წახალისება გარკვეულწილად მუშაობს, მაგრამ 60 წელს ზემოთ პირების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა უფრო აქტიურადაა საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებლები, რაც ეპიდსიტუაციას განსაზღვრავს, მცირედით გაუმჯობესებულია, ქვეყანაში ვითარება მაინც რთული რჩება.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან აუცილებელი რეგულაციები და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთული რჩება. წინა კვირასთან შედარებით გაჩნდა მცირედი ტენდენცია სტაბილიზაციისკენ, მაგრამ საქართველოსთვის ყოველდღიურად 4 000-5 000 შემთხვევა ძალიან ბევრია. ასევე გამოჩნდა მცირე ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის კლებისა, დღიური ჩამოსცილდა ცხრა პროცენტს, მაგრამ ბოლო შვიდი დღის და 14 დღის რჩება ცხრა, ათი პროცენტის ფარგლებში. ასევე, გარკვეულად დამაიმედებელია რეპროდუქციის ინდექსის შემცირება, რომელიც ერთს ჩამოსცდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც დაკავშირებულია სიკვდილიანობასთან, კვლავ მაღალია. ამიტომ ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, რთულია და მის მეტად გაუარესებას არაფერი შეაჩერებს, გარდა ვაქცინაციისა და წესების დაცვისა. რეგულაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის უნივერსალური ტარება, ყველგან, დახურულ, ღია სივრცეებში. სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37 პროცენტზეა ჩამოსული. აუცილებელია, ყველამ ვატაროთ პირბადე, მაჩვენებელს 90-95 პროცენტზე თუ ავიყვანთ, პირველ იანვრამდე შეიძლება 200 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ამირან გაყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

საკითხზე საუბრისას გამყრელიძემ ხაზი გაუსვა 60 წელს გადაცილებულ პირებში ვაქცინაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიაში აცრების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია, რაც ნიშნავს, რომ წამახალისებელმა ღონისძიებებმა გარკვეულწილად შედეგი გამოიღო.

„ყველა თუ ავიცრებით და აცრის მაჩვენებელს გავზრდით, სერიოზულად შევამცირებთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას. ბოლო დღეებში ოდნავ გაზრდილია აცრების ყოველდღიური რაოდენობა, დღესაც იყო 7 300-ის ფარგლებში. ვადასტურებ, აქედან გაზრდილია პირველი დოზები და გარკვეულად ამ წამახალისებელმა ინიციატივებმა როგორც ჩანს, ცოტა იმუშავა. საერთო აცრებზე პირველად აცრები არის 60 პროცენტამდე. პირველად აცრილებში მოიმატა, 50 პროცენტს გადასცილდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი. ანუ წახალისება, რომელიც დაწესდა სახელმწიფოს მიერ, გარკვეულწილად მუშაობს, მაგრამ უფრო აქტიურადაა საჭირო ამ ადამიანების ჩართვა აცრებში. იმედი გვაქვს, აცრების რაოდენობა მოიმატებს. ხაზს ვუსვამ, აცრების გარეშე ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ და გარკვეული პერიოდულობით, ყოველ ორ თვეში გვექნება ტალღები ისეთ მაღალ ნიშნულზე, რომელიც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში დამთავრდება ფატალურად. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრას, რადგან სიკვდილიანობის 85 პროცენტი სწორედ მოდის 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. ამიტომ პირველი სამიზნე სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფია. დღეს ქვეყანაში არის დაახლოებით 790 000 ამ ასაკის მოსახლეობა, იქიდან აცრილია მხოლოდ 300 000-მდე, სრულად უფრო ნაკლები. თუ გვექნება ამ ასაკში 80-90-პროცენტიანი მოცვა, მაშინ სერიოზულად შევამცირებთ ქვეყანაში სიკდილიანობას და ვირუსის გავრცელებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.