ალუდა ღუდუშაური - სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და სამართლებრივი ნონსენსია ზეწოლა ან კარნახი, ვინ უნდა აირჩიონ მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლებად
ალუდა ღუდუშაური - სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და სამართლებრივი ნონსენსია ზეწოლა ან კარნახი, ვინ უნდა აირჩიონ მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლებად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და სამართლებრივი ნონსენსია მასზე გარედან ზეწოლა, ჩარევა ან მითითება და კარნახი, ვინ უნდა აირჩიონ მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავიანთ წარმომადგენლებად.

ღუდუშაურის განმარტებით, მოსამართლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი. ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, მართლმსასჯულების ინტერესს აზიანებს დაუსაბუთებელი და მიზანმიმართული ქმედებები სასამართლოს მიმართ.

„თუ გვინდა, სასამართლო ხელისუფლება ობიექტური და დამოუკიდებელი იყოს, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, გარედან უკარნახოს მოსამართლეს, ვინ უნდა იყოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მათი წარმომადგენელი ვინ იქნება. როგორც ჩანს, მოსამართლეების უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვრიტიშვილი და მურუსიძე წარმოადგენენ მათ ინტერესს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია არის უადგილო და უფრო მეტიც, პროცესის დამაზიანებელი. თუ ვინმე მართლმსასჯულების ინტერესს აზიანებს, ეს არის ასეთი დაუსაბუთებელი, ორკესტრირებული და მიზანმიმართული ქმედებები სასამართლოს მიმართ. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას სასამართლო რეფორმაზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლები რეფორმის პროცესში მონაწილეობდნენ. მათი ვერსია ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას, კითხვებს პასუხები ვერ გასცეს. კითხვა ეხებოდა ორმაგი ორი მესამედით საკითხის გატანის მოდელს, მსოფლიოში ასეთი მოდელი სადმე თუ არსებობდა? ასეთი პრაქტიკა ვერ დაასახელეს. თუ გვინდა, დემოკრატიული ნაბიჯებით ვიაროთ, სახალხო დამცველის შემოთავაზებული ვერსია წინააღმდეგობაშია დემოკრატიის ანა-ბანასთან“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.