ალექსის ციპრასმა და ბინალი ილდირიმმა ტელეფონით ისაუბრეს
ალექსის ციპრასმა და ბინალი ილდირიმმა ტელეფონით ისაუბრეს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ტელეფონით ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბარი შეეხო ეგეოსის ზღვაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც თურქულმა საპატრულო კატერმა საბერძნეთის სასაზღვრო დაცვის ხომალდი დააზიანა.

„საბერძნეთის პრემიერმა თურქ კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ ისეთი შემთხვევები, როგორიც გუშინ დაფიქსირდა, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობას, ასევე თურქეთ-ევროპის ურთიერთობას ზიანს აყენებს და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წერტილი უნდა დაესვას თურქეთის მხრიდან საბერძნეთის ტერიტორიული წყლებში მზარდ პროვოკაციულ დარღვევებს“, – ნათქვამია ბერძნული მხარის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრისას პრემიერები ასევე შეთანხმდნენ, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გააქტიურონ.