ალექსის ციპრასი - ერდოღანის მიერ აია სოფიას მეჩეთად გამოცხადება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც აკნინებს რელიგიებს შორის დიალოგს
ალექსის ციპრასი - ერდოღანის მიერ აია სოფიას მეჩეთად გამოცხადება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც აკნინებს რელიგიებს შორის დიალოგს

პრეზიდენტ ერდოღანის მიერ აია სოფიას მეჩეთად გამოცხადების გადაწყვეტილება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც აკნინებს რელიგიებს შორის დიალოგს, – ამის შესახებ საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლანდელი ოპოზიციის ლიდერი ალექსის ციპრასი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

„პრეზიდენტ ერდოღანის მიერ აია სოფიას ქრისტიანობისთვის დიდი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის მატარებელი, უნიკალური მსოფლიო მემკვიდრეობის მონუმენტის მეჩეთად გამოცხადების გადაწყვეტილება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც აკნინებს რელიგიებს შორის დიალოგს და ღიად არღვევს იმ უნივერსალურ ღირებულებებს, რომლებიც დღეს ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს“, – წერს ციპრასი.

ასევე, საბერძნეთის ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ „იუენესკო“-სთან ერთად ამ ინიციატივას ერთიანი პასუხი გასცეს, ხოლო საბერძნეთის მთავრობამ ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე წინ წამოწიოს.