ალექსანდრე ლორთქიფანიძე - ახალგაზრდები რომ არჩევნებზე არ მიდიან, ეს მათი თავისუფალი ნების გამოხატულებაა, რაც ლოგიკური გამოძახილია მთლიანი პოლიტიკური პროცესის, სადაც მათი ხმა არ ისმის
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - ახალგაზრდები რომ არჩევნებზე არ მიდიან, ეს მათი თავისუფალი ნების გამოხატულებაა, რაც ლოგიკური გამოძახილია მთლიანი პოლიტიკური პროცესის, სადაც მათი ხმა არ ისმის

პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით უფრო მცირეწლოვანი თაობის დამოკიდებულება მოწიფულ ასაკში მყოფი თაობის შეხედულების მსგავსია, – ამის შესახებ გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ცოტა შორიდან რომ შევხედოთ, ეს მაინც ერთი თაობაა და დღევანდელობაში ისინიც იმავეს ხედავენ, რასაც მათზე უფროსები და მათი განწყობებიც დაახლოებით, მსგავსია“, – განაცხადა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.

ამ განცხადებით ალექსანდრე ლორთქიფანიძემ გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აქვთ პოლიტიკური საკითხების მიმართ ინტერესი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეში უკვე აქტიურები არიან, გადაცემაში მონაწილეობენ, წიგნებს კითხულობენ და გარკვეული ინფორმაციებიც აქვთ, მაგრამ საარჩევნო ხმის უფლებით ჯერ არ არიან აღჭურვილი.

ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკური პროცესის გაგება ოდნავ უნდა გავმიჯნოთ, რადგან პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ვთქვათ, პარტიული ასპარეზი, სადაც პარტიებს შორის გარკვეული ბრძოლები მიმდინარეობს.

„პოლიტიკურ პროცესში, გვინდა-არ გვინდა, ყველა ჩართული ვართ და როგორც უნდა ვეცადოთ, აპოლიტიკურობას ვერ დავიბრალებთ, რადგან ყველა ამ პროცესის ნაწილი ვართ, მაგრამ როცა საქმე პარტიებზე მიდგება, რაც ყველაზე მეტად, არჩევნებში იკვეთება ხოლმე, ამ დროს მიჩნდება შეკითხვა – ეს ახალგაზრდობაა, რომელსაც პარტიების მიერ გამართული პოლიტიკური პროცესი სჭირდება, თუ პარტიებია, რომლებსაც ახალგაზრდობა ამ მომენტში გაახსენდებათ და დასჭირდებათ? ცალკე უბედურებაა ის, რომ ამ მომენტშიც არ ახსენდებათ ხოლმე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესი სულ მიმდინარეობს და ახალგაზრდების ხმა არავის ესმის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, არჩევნების დროს ყველას უნდა, ახალგაზრდები აქტიური იყვნენ, არჩევნებზე წავიდნენ და ხმა კონკრეტულ პარტიას მისცენ.

„ამ მოღვაწეზე მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამომდის, მაგრამ ასეთ დროს, მახსენდება ხოლმე მიურეი როტბარის ერთი ფრაზა – ახალგაზრდების თავისუფალი ნება იმაში კი არ იკვეთება, რომ რაც სურთ, იმას აკეთებენ, არამედ იმაში, რომ რაც არ სურთ, იმას არ აკეთებენ. ახალგაზრდები რომ არჩევნებზე არ მიდიან, ესეც მათი თავისუფალი ნების გამოხატულებაა, რაც აბსოლუტურად ლოგიკური გამოძახილია მთლიანი პოლიტიკური პროცესის, სადაც მათი ხმა არ ისმის. მცირეწლოვან თაობასაც დაახლოებით, იგივე მიდგომა აქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.

დატოვე კომენტარი