ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს მოქალაქეები ანგარიშებზე ისე ატარებენ თანხებს, რომ არ იციან მათი წარმომავლობა, ჩარიცხული თანხები შესაძლებელია, კანონდარღვევასთან იყოს დაკავშირებული
საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ანგარიშზე ატარებენ თანხებს, რომელზეც ინფორმაციას არ ფლობენ, მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ესმოდეს, რომ ჩარიცხული თანხები შესაძლებელია, კანონდარღვევასთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ ანგარიშების გარკვეული მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ადამიანი ანაღდებს თანხას და მესამე პირს გადასცემს ისე, რომ არ იცის აღნიშნული თანხების წარმომავლობა და მიზნობრიობა. ძნელაძის განცხადებით, რეალურად, ჩვენს ხელთ არსებულ თანხებზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ.
„აქედან გამომდინარე, ეს რა თანხებია, ბენეფიციარმა არ იცის. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ უმეტესწილად რუსეთიდან გადმორიცხვებზე. რუსეთიდან გადმორიცხვების დროს, კონკრეტულად იმ მომენტში შეისაძლებელია, პირი არ იყოს სანქცირებული, მაგრამ შემდგომ დასანქცირდეს, რამაც შეიძლება, მიმღების დასანქცირებაც კი გამოიწვიოს. მეორე კუთხით, საეჭვო ტრანზაქციები თუ იქნება და მომხმარებელმა არ იცის იმ თანხების წარმომავლობა, რაც ერიცხება, შეიძლება, თვითონ ბანკმა შეუჩეროს მომსახურება ან დაუბლოკოს ანგარიში. ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ესმოდეს, რომ თანხები, რომელიც ჩაერიცხება, შესაძლებელია კანონდარღვევასთან იყოს დაკავშირებული. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება, თაღლითური ქმედების, ე.წ. ფროდის თანხები ჩაერიცხოს ადამიანს და გაანაღდოს, რადგან არ იცის თანხების წარმომავლობა. ამიტომ მომხმარებელს კარგად უნდა ესმოდეს ის საფრთხეები, რა საფრთხეების წინაშეც შეიძლება, დადგეს“, – აღნიშნა ძნელაძემ.
ამასთან, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, ინფორმირებული იყოს როგორც მომხმარებელი, ასევე მაქსიმალურად დააიდენტიფიცირონ აღნიშნული ტრანზაქციები.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ვერ დავადასტურებ, მაგრამ უფრო ხშირად ამ სერვისის მიწოდებით ახალგაზრდები სარგებლობენ. მათთვის ეს შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტებთან გრძელვადიანი რეპუტაციული რისკის ნაწილი იყოს და უბრალოდ ვერ გახსნან ანგარიში იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ ანგარიშზე გარკვეული საეჭვო ოპერაციები ჰქონდათ. კონკრეტულად ჯერ არ დაფიქსირებულა, რომ რაიმე კანონდარღვევით მიღებული თანხები მიიღეს პირებმა, მაგრამ ამას დღეს ვერ დავადასტურებთ, რომ ან არის კანონდარღვევით მიღებული თანხები, ან არ არის. იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეული აკუმულირებული თანხების გადმორიცხვა ხდებოდა საქართველოში არარეზიდენტზე და რეზიდენტზეც. ეს თანხები იყო გარკვეული კიბერთაღლითობის შედეგად შეგროვებული თანხა, რომლის განაღდებაც საქართველოში ხდებოდა. ამას დღეს ვერ დავადასტურებთ, მაგრამ როდესაც ასეთი ოპერაციების დიდი რაოდენობა გროვდება, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი რისკია, ასეთი ტრანზაქციებიც განხორციელდეს. არ მინდა, რომ გადაჭარბებული შეფასება მივცე, მაგრამ ცალსახაა, რომ დღეს კონრეტულად საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ანგარიშზე ატარებენ თანხებს, რომელზეც ინფორმაციას არ ფლობენ. საერთოდ არ იციან, რა თანხების ბრუნვა ხდება მათ ანგარიშზე და ეს ხდება მცირე საფასურის სანაცვლოდ. რეალურად, მომხმარებლისთვის იმდენად დიდი საფრთხე შეიძლება დადგეს, რომელსაც შეიძლება, ვერ აცნობიერებდეს.
დღეს ხდება ამ ყველაფრის მოკვლევა, ვინ არიან, რა საეჭვო ტრანზაქციებია. უკვე არის შემთხვევები, როდესაც შეჩერდა გარკვეული ტრანზაქციები, ამის დადასტურება შემიძლია. ეს არ არის მასობრივი ხასიათის. დღეს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ინფორმირებული იყოს როგორც მომხმარებელი, ასევე მაქსიმალურად დავაიდენტიფიციროთ აღნიშნული ტრანზაქციები“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
მისივე თქმით, ანგარიშების დახურვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს არარეზიდენტებისთვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ეს ხდება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის.
„გარკვეული შეზღუდვები აქვთ არარეზიდენტებს. რუსეთის მოქალაქეებისთვისაც ანგარიშის გახსნა უფრო მეტად პრობლემურია, ვიდრე რეზიდენტისთვის. ასევე, არასანქცირებული საეჭვო ტრანზაქციების შემთხვევაში იხურება ანგარიშები და ჩვენ ვსაუბრობდით კიდეც, როდესაც იხსნებოდა ანგარიშები, ამაზე ერთგვარი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ვთქვი, რომ ანგარიშის გახსნა არ ნიშნავს არაფერს. იქ თუ ტრანზაქციები განხორციელდება, რომელიც არ არის ახსნადი, ავტომატურად მოხდება ამ ანგარიშების დახურვა. დღეს ცალსახად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ანგარიშების დახურვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს არარეზიდენტებისთვის. განსაკუთრებით ეს ხდება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის. მათთვის გართულებულია ტრანზაქციების განხორციელებაც და უფრო მარტივია საქართველოს რეზიდენტზე ამ თანხების ჩარიცხვა“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
კითხვაზე, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში თუ ფიქსირდება ანგარიშის გაუქმების შემთხვევები, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ შესაძლებელია, რომ მოხდეს.
„აქამდე ჯერ საქმე არ მისულა, მაგრამ შეჩერებულია ოპერაციები და დაბლოკილია ანგარიში. რომ ვთქვა, ვინმეს ანგარიში დაუხურეს, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა ან ჯერ მე არ მაქვს ინფორმაცია. მაგრამ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება, მოხდეს ასეთი რამ“, – განუცხადა ალექსანდრე ძნელაძემ საქართველოს პირველ არხს.