ალექსანდრე ძნელაძე - ველოდებით, რომ ორ-სამ თვეში სამომხმარებლო სესხები გაიაფდება, თუ კვლავ რამე ფორსმაჟორული არ მოხდა
ალექსანდრე ძნელაძე - ველოდებით, რომ ორ-სამ თვეში სამომხმარებლო სესხები გაიაფდება, თუ კვლავ რამე ფორსმაჟორული არ მოხდა

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ მთავრობის პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება.

ძნელაძე განმარტავს, რომ ახალ პროდუქტს ბანკები მომხმარებლებს ახლა სთავაზობენ და მიღებული განაცხადების დიდი ნაწილი ჯერ დამუშვების პროცესშია.

„უკვე გამოჩნდა კომერციული სექტორის და სამშენებლო კომპანიების ერთობლივი შეთავაზებები. ველოდებით, რომ სუბსიდირების პროგრამაზე მორგებული პროექტები უფრო მრავალფეროვანი იქნება. დღეის მდგომარეობით, სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებზე განაცხადების მიღება მკვეთრად გაზრდილია, გაცემის კუთხით ჯერ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან მოთხოვნის დამუშავებას გარკვეული პერიოდი სჭირდება“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ბაკნების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხებზე მოთხოვნა, ასევე გაცემული კრედიტებისა და გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა გაზრდილია.

„მოთხოვნა, ასევე გაცემული სესხებისა და გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებლებს უკვე გადაცდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ერთი თვის მაჩვენებლით მზარდ დინამიკაზე ცალსახად საუბარი რთულია. აპრილი მკაცრი კარანტინის პერიოდი იყო, ივნისში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე წინასწარმა განცხადებამ კლიენტები მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. ივლისში დაფიქსირებული ზრდა შესაძლოა, ამის ეფექტიც იყოს. შესაბამისად, სანამ ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის მონაცემები არ გვექნება, დინამიკაზე ვერ ვისაუბრებთ. ჯერ რთულია იმის პროგნოზი, რომ წლის ბოლომდე ასეთი მზარდი ტრენდი შენარჩუნდება“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისი შეფასებით, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც იმედისმომცემიადს ამ მხირვ წლის ბოლომდე პრობლემები არ უნდა შეიქმნას.

ამასთან, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში, მომდევნო ორ-სამ თვეში სამომხმარებლო სესხები უნდა გაიაფდეს.

„სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით, მკვეთრად განსხვავებული მდგომარეობაა, რადგან რისკის შეფასება მოკლევადიან სესხებთან დაკავშირებით კვლავ არაპროგნოზირებადია. საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია და მოთხოვნებიც გამკაცრებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების გაცემაზე ეროვნული ბანკის დადგენილება უფრო მსუბუქია, ვიდრე ბანკების მოთხოვნა, თუმცა ეს მოკლე ვადაში გამოსწორებადი საკითხია, თუ რამე სხვა ფორსმაჟორი არ მოხდა. თუ არაფერი მოხდა, რეალურად ველოდებით, რომ ორ-სამ თვეში ვითარება გამოსწორდება“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

დატოვე კომენტარი