ალექსანდრე ძნელაძე - ეკონომიკური გუნდისა და საბანკო სექტორის შეხვედრაზე მთავრობის მხრიდან გამოხატული იყო სრული მხარდაჭერისა და შეთანხმებული მოქმედების მზაობა
ალექსანდრე ძნელაძე - ეკონომიკური გუნდისა და საბანკო სექტორის შეხვედრაზე მთავრობის მხრიდან გამოხატული იყო სრული მხარდაჭერისა და შეთანხმებული მოქმედების მზაობა

შედგა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც მთავრობის  მხრიდან ცალსახად იყო გამოხატული მზაობა, რომ იქნება სრული მხარდაჭერა  და  ვიმოქმედებთ შეთანხმებულად, – ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორს შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

ძნელაძის კომენტარსა და შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ძნელაძის თქმით, საუბარი შეეხო კორონავირუსის გამო არსებულ გამოწვევებს, რომელიც  ძირითადად  ტურიზმის სექტორზე აისახა. ძნელაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევები აისახება კონკრეტულ სეგმენტებზე, თუმცა არ აისახება გლობალურად ეკონომიკასა და საბანკო სექტორზე.

„შედგა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, საბანკო სექტორსა და ეროვნულ ბანკს შორის. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამო არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჯერჯერობით, ძირითადად, აისახა ტურიზმის სექტორზე.  ყველა მხარემ გამოხატა მზაობა, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ გრძელვადიან რეჟიმში. დღეს ადრეა საუბარი იმაზე, რა ეფექტი შეიძლება,  გვქონდეს. ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი ეს აისახება კონკრეტულ სეგმენტებზე, თუმცა არ აისახება გლობალურად ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე. საბანკო სექტორი მზად არის და იხილავს, რა გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული. ცალსახად იყო გამოხატული მთავრობის  მხრიდან მზაობა, რომ იქნება სრული მხარდაჭერა და შეთანხმებული მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.