ალექსანდრე ძნელაძე - ზოგიერთმა ბანკმა გადაწყვიტა, საბავშვო ანაბრის ვადის ამოწურვამდე გატანის შემთხვევაში, არ მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ზოგიერთმა ბანკმა კი პირიქით
ალექსანდრე ძნელაძე - ზოგიერთმა ბანკმა გადაწყვიტა, საბავშვო ანაბრის ვადის ამოწურვამდე გატანის შემთხვევაში, არ მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ზოგიერთმა ბანკმა კი პირიქით

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, როგორი იქნება საბავშვო ანაბრის განკარგვის პროცედურა, ამას ბანკები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ. ამის შესახებ ძნელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ საბავშვო ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების წარდგენა მოითხოვოს, ხოლო ზოგიერთი ბანკი სასამართლოს ჩარევის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„როგორც იცით, „სამოქალაქო კოდექსში“ შევიდა ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესს. ამის შემდეგ პარლამენტმა ეროვნულ ბანკს მისწერა წერილი, რომლითაც განმარტა, რომ აღნიშნული წესი არ ეხება კონკრეტულად საბავშვო ანაბრებს, მაგრამ აღნიშნული რამდენად უზრუნველყოფს სასამართლოს თანხმობის გარეშე საბავშვო ანაბრების განკარგვას, ამაზე პარლამენტთან ვაგრძელებთ მუშაობას.

გეტყვით, რომ დღეს არ არის ცალსახა პრაქტიკა ბანკებში, მიმდინარეობს მუშაობა. ზოგიერთმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ საბავშვო ანაბრის ვადის ამოწურვამდე გატანის შემთხვევაში, არ მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილება,ზოგიერთმა ბანკმა კი პირიქით. ასევე, არის ბანკების რაოდენობა, რომლებმაც დიფერენცირება გააკეთეს და შეისწავლიან საბავშვო ანაბრის ვადაზე ადრე გატანის მიზეზს, მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვენ ან არ მოითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ანუ რეალურად, ეს იქნება შიდა საბანკო გადაწყვეტილება, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რა ცვლილებაც შევიდა კანონში და რა განმარტებაც გაკეთდა ამის შემდეგ“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე განცხადებით, შესაძლოა, „სამოქალაქო კოდექსში“ დაზუსტდეს, რომ ბოლო დროს კანონში შესული ცვლილება საბავშვო ანაბრისა და სხვა არამატერიალური აქტივების განკარგვის წესს არ ეხება.

„ვფიქრობთ, საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და შესაძლოა, გარკვეული საკითხის დაზუსტებაზე იყოს მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ ეს კანონი არ ეხება ანაბარის და სხვა არამატერიალური აქტივების განკარგვის წესს, რომელიც არასრულწლოვნის საკუთრებაშია.

რეალურად რომ ვთქვათ, საბოლოოდ პრაქტიკა ჩამოყალიბდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს იმდენად გრძელვადიანი პროცესი იქნება, რომ, სავარაუდოდ, შემდეგი პროცედურა დამკვიდრდება – გარკვეული ბანკები შეცვლიან პროდუქტის ნაირსახეობას, რომ მომხმარებელს უფრო კომფორტული პროდუქტი შესთავაზონ და ვთქვათ, საბავშვო ანაბართან ერთად, იქნება სხვა სახის ანაბრები, რომელიც სრულად ასახავს ძველი პრაქტიკის გათვალისწინებას.

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ერთიანი პრაქტიკა არ იარსებებს და ინდივიდუალურად იქნება გასავლელი უშუალოდ კონკრეტული პიროვნების ანაბართან დაკავშირებით, რა პროცედურის ჩატარება იქნება საჭირო, რომ მისი გატანა ვადაზე ადრე შეძლოთ“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.