ალექსანდრე ძნელაძე - საბანკო სექტორის სიები სრულად არის ატვირთული ვებგვერდზე vali.ge
ალექსანდრე ძნელაძე - საბანკო სექტორის სიები სრულად არის ატვირთული ვებგვერდზე vali.ge

საბანკო სექტორმა პროცესი დაასრულა და სიები პრობლემური სესხის განულების პროგრამისთვის შექმნილ ვებგვერდზე vali.ge სრულად არის ატვირთული, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ სესხების განულების პროცესის 15 იანვრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოლოდინი იმისა, რომ კიდევ რომელიმე ბანკი დაემატება პროგრამას არასწორია, რადგან ფაქტიურად ყველა ბანკი ჩაერთო. არის საუბარი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ე.წ. კოლექტორებზე, რომლებიც ძალიან ბევრია და ჩემი აზრით, აქ მოხდა გარკვეული დროის გადაწევა, რომ მათი სიების დამუშავება და ატვირთვა მომხდარიყო 15 იანვრამდე“, – აღნიშნა ძნელაძემ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, პრობლემური საკრედიტო პორტფელები საბანკო სექტორიდან უკვე გადაცემულია ფონდ „ქართუსთვის“ და განულების პროცესი მიმდინარეობს.

„მსესხებელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე და ნახოს ატვირთულია თუ არა მონაცემები მისი სესხის შესახებ. თუ ატვირთულია, ეს ნიშნავს, რომ უკვე გათვალისწინებულია და თქვენი სესხი აღარ არსებობს“, – განაცხადა ძნელაძემ.

გასული წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება.