ალექსანდრ ვერშბოუ - უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-მა არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხოს, მათ შორის ძალის გამოყენებაც
ალექსანდრ ვერშბოუ - უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-მა არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხოს, მათ შორის ძალის გამოყენებაც

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-მა არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხოს, მათ შორის ძალის გამოყენებაც, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართული დისკუსიისას გააკეთა.

ვერშბოუ მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაციით და ვაშინგტონისა და ნატო-სთვის მოთხოვნების საჯაროდ წაყენების შემდეგ, პუტინმა უკან დასახევი გზა ფაქტობრივად აღარ დაიტოვა.

„ჩვენ ვართ იმ მომენტში, როდესაც პუტინს უკან დასახევი გზა აღარ აქვს. რუსეთის მიერ შეთანხმების ორი პროექტის გამოქვეყნება პუტინს მანევრირების სივრცეს ფაქტობრივად არ უტოვებს. ამ პროექტების გასაჯაროებით პუტინი არ გვიტოვებს გზას, რომ ვითარება სამართლიან საფუძველზე განვმუხტოთ და რუსეთის ძალებმა უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ის სერიოზულადაა განწყობილი იმ პარანოიის გარშემო, რომელიც ნატო-ს უკავშირდება. ის ნატო-ში მთავარ მტერს ხედავს, აღიქვამს მას ინსტრუმენტად, რომელსაც აშშ იყენებს მისი რეჟიმის შერყევისთვის და რუსეთისთვის სუპერსახელმწიფოს სტატუსის ჩამორთმევისთვის, რაც პუტინისთვის ნიშნავს გავლენის სფეროების დაკარგვას, რომ მეზობელ ქვეყნებში დომინირებდეს. პუტინს სჯერა, რომ თუ ახლა არ იმოქმედებს, უკრაინას სამუდამოდ დაკარგავს. ამას საფუძვლად უდევს პუტინის შიში, რომ თუ უკრაინა იქნება წარმატებული და გახდება განვითარებული, დასავლური დემოკრატია, მაშინ ის გახდება მაგალითი რუსეთისთვის და შეარყევს პუტინის რეჟიმს. ამიტომ პუტინი გადარჩენისთვის იბრძვის და როგორც თავად რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, უკან დასახევი გზა არ აქვს“, – განაცხადა ვერშბოუმ.

ვერშბოუ მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა განაგძროს მედეგობის განმტკიცება. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ასევე აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციას რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გამო.

„თუ აშშ დათანხმდება რუსეთთან საუბარს, ისე რომ კრემლი სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრიდან უკან არ დახევს, ეს რუსეთის მიერ იქნება სისუსტედ აღქმული. ისინი ჩათვლიან, რომ მიიღეს, რაც სურდათ. ეს კი იქნება ტრაგიკული შეცდომა, რადგან მივიჩნევ, რომ ნატო-ს მოკავშირეებს შორის თანხმობა არსებობს. ირონიულია ის, რომ პუტინი წარმატებულად ახერხებს ნატო-ს გაერთიანებას, როგორც ეს 2014 წელს გააკეთა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ნატო-რუსეთის ფუძემდებლური აქტის გაფორმებიდან 25 წლის შემდეგაც ჩვენ კვლავ ვისმენთ მოთხოვნებს, რომ რუსეთის საზღვრებთან სამხედროებისა და ბირთვული იარაღის დისლოცირება არ მოხდეს. ჩემი აზრით, კიდევ რჩება პატარა შანსი, რომ დავარწმუნოთ პუტინი, უკან დაიხიოს, მაგრამ ჩვენ უფრო ოსტატურად უნდა გავათამაშოთ ჩვენი კარტები, ვიდრე ამას ახლა ვაკეთებთ. ყველა შესაძლებლობა უნდა დარჩეს მაგიდაზე, მათ შორის ძალის გამოყენებაც“, – განაცხადა ვერშბოუმ.