ალბერტ იონსონი - ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დღის ყველა პროცედურას, დაკვირვების დასრულების შემდეგ, გავაკეთებთ დასკვნებს, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები და მოსაზრებები 
ალბერტ იონსონი - ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დღის ყველა პროცედურას, დაკვირვების დასრულების შემდეგ, გავაკეთებთ დასკვნებს, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები და მოსაზრებები 

ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დღის ყველა პროცედურას, დაკვირვების დასრულების შემდეგ, გავაკეთებთ დასკვნებს, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები და მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში მდებარე მე-6 საარჩევნო უბანზე არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდა.

„ჩვენი საქმიანობა მოიცავს მთლიან საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, ამიტომაც ვართ აქ. ეუთო-ს მისია საქართველოში 24 აგვისტოდან იმყოფება, რადგან არჩევნების დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დღის ყველა პროცედურას. მთლიანი პროცესით ვართ დაინტერესებული და ვაკვირდებით. როდესაც დავასრულებთ დაკვირვებას, ჩვენს დასკვნებს გავაკეთებთ ხვალ, ხოლო საბოლოო მოხსენება დაიდება რამდენიმე კვირის შემდეგ, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები და მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ დემოკრატიულ პროცესს, ეს არის ჩვენი საქმიანობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს ჩვენ მიერ გაკეთებული რეკომენდაციების შემდეგ, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

მისივე თქმით, არჩევნების პირველ ტურზე სადამკვირვებლო მისიას 300-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა, ხოლო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დააკვირდება 150 მოკლევადიანი და 16 გრძელვადიანი დამკვირვებელი.

კითხვაზე, იყო თუ არა რამე დარღვევა, იონსონმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას დღეს საღამოს ან ხვალ დილით დამკვირვებლებისგან მიიღებს.

„ჩვენ გვყავს ჩვენი დამკვირვებლები და მათგან მივიღებთ ინფორმაციას საღამოს ან ხვალ დილით, ხვალ გავაკეთებთ ჩვენს დასკვნებსა და შეფასებას“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ პირველი ტურის დაკვირვების დროს რიგ საკითხებზე გარკვეული შეშფოთება გამოთქვა ალბერტ იონსონმა და ისაუბრებს თუ არა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ხვალინდელ მოხსენებაში, იონსონმა აღნიშნა:

„ხვალინდელ განცხადებაში იხილავთ ყველაფერს. ჩვენს დამკვირვებლებს გარკვეული ვარაუდები ჰქონდათ დარღვევებზე. ხვალ მოისმენთ ყველაფერს“, – განაცხადა  ალბერტ იონსონმა.