ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს
ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართეს.

როგორც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა გარდა, იგეგმება შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

რაც შეეხებ​ა შეხვედრების თემას, იონსონის თქმით, შეხვედრებზე განიხილება ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით სტანდარტული ვიზიტით. საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შესახებ ჩვენს საბოლოო ანგარიშს როდესაც ვაქვეყნებთ, ტრადიციულად, ჩავდივართ მასპინძელ ქვეყანაში დელეგაციით. ახლა სამნი ვართ. ჩვენ ყველა რელევანტურ მხარესთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, განვიხილავთ ჩვენს რეკომენდაციებს, ასევე, მათ თუ აქვთ კითხვები და კომენტარები ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ეს არის სტანდარტული, რუტინული ვიზიტი ამ კუთხით. ცხადია, ყველა ქვეყანა განსხვავებულია და საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები აქვს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრებსა და ასევე, „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებს.