ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ასახული მიგნებები, რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა იყო.

როგორც შეხვედრაზე ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ალბერტ იონსონმა აღნიშნა, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო გამჭვირვალე და კარგად ადმინისტრირებული.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს რეკომენდაციების შესრულებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირთან თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება რეკომენდაციების შესრულებას და გათვალისწინებას იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ინტერვენციების შემთხვევაში ეუთო/ოდირის დამატებითი რეკომენდაციები და მოსაზრებები. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, ასევე მომავალ წელს გასამართი შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების შესახებ. განვიხილეთ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ადმინისტრაციის წინაშე დგას“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხების და იმ კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრის შესახებ, რომელიც შეიძლება გადაიდგას სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეუთო-სთან აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციის ვიზიტი თბილისში 31 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდება. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, სახალხო დამცველის, სასამართლოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.