ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენს ანგარიშსა და რეკომენდაციებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედიაზე, მედია ცალსახად მნიშვნელოვანი ფაქტორია საარჩევნო პროცესში
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენს ანგარიშსა და რეკომენდაციებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედიაზე, მედია ცალსახად მნიშვნელოვანი ფაქტორია საარჩევნო პროცესში

ჩვენს ანგარიშსა და რეკომენდაციებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედიაზე, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.

იონსონის თქმით, მედია ცალსახად არის დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში.

„რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, როგორც ეს ნახეთ, ჩვენს ანგარიშსა და რეკომენდაციებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მედიაზე. მედია ცალსახად არის დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო პროცესში. საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მისიის ხელმძღვანელი გახლდით, გასულ შემოდგომაზე, ჩვენ გვყავდა რვა ქართველი, რომლებიც კვირაში ექვსი დღე ადევნებდნენ თვალყურს და მონიტორინგს აწარმოებდნენ მედიაზე ჩვენი ოფისიდან. შემდეგ მოხდა ამ მონიტორინგის ანალიზი და ეს ყველაფერი არის ჩვენს ანგარიშში. მედია ცხადია, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს. მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრებსა და ასევე, „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებს. ეუთო/ოდირის წარმომადგენლები ასევე უკვე შეხვდნენ ცესკო-ს თავმჯდომარეს.