ახმეტის სოფელ მაღრაანში მდებარე „სასაფლაო ეკლესიას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების „სასაფლაო ეკლესიას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. კუთხეებში და სარკმლის თავსართად გამოყენებულია შირიმი. კედლები შებათქაშებული ყოფილა. გადახურული იყო კრამიტით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია, ნაოთხალიანი. თაღი აგურითაა გადაყვანილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელიც მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თარაზულად დასრულებული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვეშ ქვის ტრაპეზია კედელზე მიდგმული. კონქი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. თითო სწორკუთხა სარკმელია სამხრეთის და დასავლეთის კედელში. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ინტერიერში საფლავის ქვაა, რომელზეც მხედრულით შესრულებული ასეთი წარწერაა: ,,აქა მდებარებს გვამი გუბერნსკის სეკრეტარის გრიგორ ივანეს ძის ხუციევისა გარდაცვალებულის 1878 წ. 5 სექტემბერს. მხილველნ შენდობა მიბრძანეთ“,- აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების სოფლის საყდართა ტიპური ნიმუშია.