ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევისჭალაში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ხევისჭალას საყდარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი, რიყისა და შირიმის ქვით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი დაზიანებულია და შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი წირთხლია. ყველა კედელში თითო სარკმელია. მათგან აღმოსავლეთის თაღოვანია, დანარჩენი კი სწორკუთხა. ეკლესია შიგნიდან რიყის ქვითაა ნაგები, პილასტრები, კაპიტელები და თაღები შირიმითაა გაკეთებული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასევე თაღოვანია სამხრეთისა და ჩრდილოეთის სარკმლები, დასავლეთის კი – სწორკუთხა. ეკლესია ნახევარწრიული კონქითა და კამარითაა დასრულებული, რომლებიც პილასტრის პროფილირებულ კაპიტელებზე გადასულ ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა.
დარბაზის შუაში კრიპტაში ჩასასვლელი ღიობია. კრიპტის კედლები ნათალი ქვითაა ამოშენებული. ტაძრის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ტაძრის თანადროული სარკოფაგია. გადახურულია კამარით. შესასვენებელი დასავლეთიდან აქვს. სარკოფაგის ჩრდილოეთი კედლის შუბლი შირიმის ქვაზე ჯვრის ორი რელიეფური გამოსახულებითაა დამშვენებული. მთლიანადაა შემოძარცვული შირიმის პერანგი, დარჩენილია მხოლოდ სამხრეთი კედლის ნაწილზე. სახურავი არ შემორჩა. დაფარულია მცენარეებით. აბსიდის სარკმლისქვედა ნაწილი განგრეულია, ჩამოშლილია კარის ნაწილი. ასევე ჩამოშლილია სარკოფაგის კედლის ნაწილი. ძეგლისთვის აუცილებელი მახასიათებლები: შირიმის პერანგი, კარნიზი, პილასტრები და პროფილირებული კაპიტელები, კრიპტა, სარკოფაგი. ჯვრის რელიეფური გამოსახულებები“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.