ახლომდებარე ვარსკვლავებთან სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი ორი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს
ახლომდებარე ვარსკვლავებთან სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი ორი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს

ახალი კვლევის ფარგლებში, ახლომდებარე ვარსკვლავთან აღმოჩენილია ხუთი ეგზოპლანეტა. მათ შორის არის სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი ორი სუპერდედამიწა, რომლებიც მკვლევართა განცხადებით, შესანიშნავი კანდიდატებია სამომავლო კვლევებისთვის, არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.

მათი სახელებია GJ 180 d და GJ 229A c, არიან დედამიწაზე 7,5-ჯერ და 7,9-ჯერ მასიურები. პირველი პლანეტა დედამიწისგან 40 სინათლის წლით არის დაშორებული, მეორე კი 19.

ორივე მათგანი გარს უვლის წითელ ჯუჯას, ვარსკვლავის ტიპს, რომელიც ზოგადად, არც თუ ისე ხელსაყრელია სიცოცხლისათვის. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ბებერი ვარსკვლავები სასიცოცხლო ციკლის ბოლოში არიან და ახასიათებთ ვარსკვლავური ამოფრქვევები.

თუმცა, ყველაფერი მაინც უშუალოდ ვარსკვლავზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთი მათგანი სხვებთან შედარებით გაცილებით მშვიდია.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ წითელი ჯუჯები გაცილებით ცივია, ვიდრე ახალგაზრდა ვარსკვლავები. შედეგად, მათი სასიცოცხლო ზონა (მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ პლანეტის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა) ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

თავის მხრივ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ზონაში არსებული პლანეტები ძირითადად გრავიტაციულად ჩაკეტილია, ანუ, პლანეტის ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით. შედეგად, ერთი მხარე ძალიან ცხელია და მუდმივად განიცდის ვარსკვლავურ რადიაციას, მეორე მხარეს კი მუდმივი წყვდიადი სუფევს.

GJ229Ac-ის მხატვრული წარმოსახვა

GJ 180 თავის დედავარსკვლავს გარს უვლის (ორბიტული პერიოდი) 106 დღეში ერთხელ და ამიტომ ასტრონომები ფიქრობენ, რომ საკმაოდ შორის არის ვარსკვლავ გლიზე 180-დან და გრავიტაციულად ჩაკეტილიც არ იქნება.

კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომ ფაბო ფენგის განცხადებით, GJ 180 ჩვენთან უახლოესი ზომიერი სუპერდედამიწაა, რომელიც თავის ვარსკვლავთან გრავიტაციულად ჩაკეტილი არ არის, რაც ზრდის შანსებს, რომ მასზე სიცოცხლე არსებობდეს.

მართალია, GJ 229A c-ის ვარსკვლავური პერიოდი 122 დღეა, მაგრამ მისი დედავარსკვლავი გლიზე 229A გაცილებით მასიურია, ვიდრე გლიზე 180, შესაბამისად, პლანეტა შეიძლება, გრავიტაციულად ჩაკეტილი იყოს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ ვარსკვლავის შესახებ ის არის, რომ გლიზე 229A ბინარულ (ორმაგ) სისტემაშია და ჰყავს კომპანიონი ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, სახელად გლიზე 229B.

ყავისფერ ჯუჯებს ხანდახან არშემდგარ ვარსკვლავებს უწოდებენ, რადგან წარმოადგენენ ობიექტებს, რომლებიც ზედმეტად დიდებია, რათა პლანეტად ჩაითვალოს, მაგრამ პატარებია იმისათვის, რათა მათ ბირთვში წყალბადის სინთეზი დაიწყოს. იბადებიან ვარსკვლავთა მსგავსად, გაზის გროვის გრავიტაციული კოლაფსის შედეგად, რაც განსხვავდება პლანეტების ნელი აკრეციის პროცესისგან; თუმცა, უცნობია, ჰყავთ თუ არა ამ ტიპის ვარსკვლავებს პლანეტები.

GJ 229A c ახლა უკვე ოფიციალურად არის ჩვენთან უახლოესი ზომიერი სუპერდედამიწა სისტემაში, რომელიც ყავისფერ ჯუჯასაც შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრწყინვალე კანდიდატია ასეთ სისტემებში პლანეტების წარმოქმნისა და განვითარების შესასწავლად.

პლანეტები აღმოაჩინეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომელსაც რადიალური სიჩქარის მეთოდს უწოდებენ. შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, პლანეტა მასზე გრავიტაციულ გავლენას ახდენს და იწვევს მის მცირე რხევებს.

ამის წყალობით კი შესაძლებელია არა მხოლოდ პლანეტების აღმოჩენა, არამედ მათი მასის, ორბიტული პერიოდისა და ვარსკვლავიდან დაშორების გამოთვლაც. ეს მონაცემები კი თავის მხრივ ასტრონომებს ეხმარება ამ პლანეტების შემადგენლობისა და ტემპერატურის განსაზღვრაში.

იმის გამო, რომ ეს კონკრეტული სისტემები ჩვენთან ასე ახლოსაა, ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ შემდეგი თაობის უმძლავრესი ტელესკოპები ბოლოსდაბოლოს გადაიღებს მათ პირდაპირ სურათებს და გვეტყვის გაცილებით მეტს, მაგალითად, აქვთ თუ არა მათ ატმოსფერო ან არის თუ არა იქ წყალი.

გარდა ამისა, ამ კვლევის ფარგლებში ასევე აღმოაჩინეს მინი-ნეპტუნის ტიპის პლანეტა სახელად GJ 433 d. ეს გახლავთ ყველაზე ახლო და ყველაზე ცივი ამ სახის პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის და შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატი, რომ ყინულის გიგანტი ეგზოპლანეტის გადაღება შევძლოთ.

ფაბო ფენგის განცხადებით, მათი საბოლოო მიზანია განსაზღვრონ, არის თუ არა ამ ახლომდებარე ვარსკვლავთა პლანეტებზე სიცოცხლე.

კვლევა The Astrophysical Journal Supplement Series-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია carnegiescience.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.