კორონავირუსი მიზანში მხოლოდ ფილტვებს როდი იღებს.
სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19 დაკავშირებულია ტვინის პოტენციურად ფატალურ დაზიანებასთან და ნევროლოგიურ პრობლემებთან.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შეშუპება, რასაც ახლავს დელირიუმის ეპიზოდები (ბოდვა).
სხვა პაციენტებს განუვითარდათ გაიან-ბარეს მსგავსი ნერვული სისტემის აშლილობები, რომლებიც იწვევს პარალიზს, რამდენიმეს კი აღენიშნა სიცოცხლისათვის საშიში ინსულტი.
„ვხედავთ, რომ COVID-19 თავის ტვინის ისეთ დაზიანებებს იწვევს, რომლებიც აქამდე არ გვინახავს სხვა ვირუსების შემთხვევაში“, — უთხრა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მაიკლ ზანდიმ The Guardian-ს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნევროლოგიური სიმპტომები მხოლოდ მძიმე პაციენტებში არ ხდებოდა (რომლებსაც ფილტვების ვენტილაცია ან ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ).
„შესაძლოა გქონდეთ მწვავე ნევროლოგია, შესაძლოა იყოთ საკმაოდ ავად, მაგრამ სინამდვილეში გქონდეთ ჩვეულებრივი ფილტვების დაავადება“, — ამბობს ზანდი.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს კორონავირუსით დაავადებული 43 პაციენტი, რომელთა ასაკი 16-დან 85 წლამდე მერყეობდა. ყველა მათგანი მკურნალობდა ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნულ ჰოსპიტალში, 9 აპრილიდან 15 მაისამდე.
მათგან ათ პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტვინის მწვავე შეშუპება, რასაც ახლდა დელირიუმის ეპიზოდებიც. ერთმა 55 წლის ქალმა, რომელსაც მანამდე არანაირი ფსიქიატრიული ისტორია არ ჰქონია, ქმრის განცხადებით, საავადმყოფოდან გაწერიდან სამი დღის შემდეგ უცნაურად ქცევა დაიწყო.
კვლევის მონაწილე კიდევ 12 პაციენტს აღენიშნებოდა შეშუპება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში; ამ ჯგუფში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ 12 პაციენტიდან ცხრას მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის (ADEM) დიაგნოზი დაესვა — იშვიათი სახის ანთება, რომელიც ძირითადად ბავშვებში, ყბაყურასა და წითელას ინფექციების დროს თავისა და ზურგის ტვინის ნერვებს „ურტყამს“.
როგორც კვლევის ავტორები იუწყებიან, მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის შემთხვევათა რაოდენობა კორონავირუსის პანდემიამდე ჰოსპიტალში თვეში ერთი იყო, პანდემიის შემდეგ, აპრილსა და მაისში კი კვირაში ორი-სამი.
კვლევაში მონაწილე შვიდ სხვა პაციენტს გაიენ-ბარეს სინდრომის დიაგნოზი დაესვა; მათგან ზოგიერთს, ნევროლოგიური სიმპტომები COVID-19-ის სხვა სიმპტომებიდან სამი კვირის შემდეგ განუვითარდა.
საერთო ჯამში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პაციენტებში სიცოცხლისათვის საშიში ნევროლოგიური მდგომარეობა აუცილებლად დაკავშირებული არ იყო მწვავე რესპირატორულ სიმპტომებთან; ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტის ფილტვები შესაძლოა მშვენიერ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდეს ტვინის შემთხვევაში.
კვლევის მონაწილე რვა პაციენტს, მათ შორის ერთ 27 წლის ქალს, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომებით, განუვითარდა ტვინში სისხლის კოლტებით გამოწვეული ინსულტი.
კიდევ ერთმა სხვა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ სისხლის კოლტებთან დაკავშირებული გართულებები, მათ შორის ინსულტი, შეიძლება განუვითარდეს COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომების მქონე ახალგაზრდა პაციენტებსაც კი. აპრილში, ნიუ იორკში ექიმების ჯგუფი იუწყებოდა, რომ კორონავირუსის 30-დან 40 წლამდე ხუთ პაციენტს, რომელთა უმეტესობას მანამდე არანაირი სამედიცინო ისტორია არ ჰქონია, სიცოცხლისათვის საშიში ინსულტი განუვითარდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
გარდა ამისა, ჩინეთის ქალაქ უხანში COVID-19-ის 214 პაციენტზე ჩატარებული კვლევის დროს დადგინდა, რომ 36 პროცენტს აღენიშნებოდა ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად, გონების შესუსტება ან ცერებროვასკულარული დაავადებები, მათ შორის ინსულტი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის.
ახალი კვლევის ავტორთა აზრით, ექიმებმა არ უნდა შეწყვიტონ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა მონიტორინგი, რათა გაირკვეს ამ პანდემიის გრძელვადიანი შედეგები.
ზანდის ჯგუფი და სხვა მკვლევრები შიშობენ, რომ ტვინის დაზიანების ზოგიერთი პრობლემა შესაძლოა აღურიცხავი დარჩეს მას შემდეგ, რაც პაციენტი საავადმყოფოს დატოვებს.
„ჩემი წუხილი ის არის, რომ ახლა COVID-19-ით ინფიცირებული მილიონობით ადამიანი გვყავს. წელიწადში ალბათ 10 მილიონი გამოჯანმრთელებული გვეყოლება და ამ ადამიანებს შესაძლოა კოგნიტური დეფიციტი ჰქონდეთ… ეს კი გავლენას იქონიებს შრომისუნარიანობაზე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, — განუცხადა Reuters-ს ნეირომეცნიერმა ადრიან ოუენმა, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ფენომენს, რომელიც 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიის შემდეგ ათწლეულებში ფიქსირდებოდა — 1917-1930-იან წლებში, მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა ლეთარგიული ენცეფალიტი, იგივე „ძილის ავადმყოფობა“.
ამ აშლილობას ტვინის შეშუპება იწვევდა და განაპირობებდა გადაჭარბებულ ძილიანობას და მწვავე ნეიროდეგრადიაციას, რაც ზოგიერთ ადამიანს ქმედუუნაროს ხდიდა.
„შემაშფოთებელია, თუ COVID-19-ის შემდეგ მოხდება გარკვეული მალული ეპიდემია, რომელსაც თავის ტვინზე ექნება გახანგრძლივებული ეფექტები, რადგან ტვინში შესაძლოა იყოს მსუბუქი ეფექტები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაუარესდეს. თუმცა, რაიმე დასკვნის გამოტანა ჯერ ძალიან ნაადრევია“, — ამბობს კვლევის ავტორი მაიკლ ზანდი.
თუმცა, როგორც მან Reuters-ს განუცხადა, ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ კორონავირუსმა შეიძლება მოგვიტანოს „პანდემიასთან დაკავშირებული ტვინის დაზიანების ეპიდემია“.
მომზადებულია Reuters-ისა და The Guardian-ის მიხედვით.