თუ მზის სისტემის ილუსტრაციას დააპატარავებთ და შორიდან შეხედავთ, აუცილებლად შენიშნავთ სულ მცირე ერთ რამეს — პლანეტები მეტნაკლებად განლაგებულია ერთ სიბრტყეზე, მზის ეკვატორის გასწვრივ.
ამ მოვლენას ეკლიპტიკას ეძახიან და მიჩნეულია, რომ წარმოადგენს მზის სისტემის ფორმირების დროინდელ გადმონაშთს — მზის გარშემო მბრუნავი მტვრის ბრტყელი დისკო თანდათანობით პლანეტებად, ასტეროიდებად და სხვა კლდოვან ნამსხვრევებად შეჯგუფდა.
თუმცა, არის რამდენიმე სხეული, რომელიც ამ სიბრტყის მიღმა მოძრაობს. ძირითადად ასეთებია გრძელპერიოდიანი კომეტები, რომლებიც მზის გარშემო ერთ შემოვლას ათობით ათას წელიწადს უნდებიან და ორბიტაზე მზის სისტემის ყველაზე შორეულ მისადგომებში გადიან — ყინულოვან სხეულთა სამფლობელოში, რომელსაც ოორტის ღრუბელს უწოდებენ.
ახლა, შეიძლება უკვე გავიგოთ მათი ასეთი უცნაური ორბიტის მიზეზი. ახალი კვლევის მიხედვით, როგორც ჩანს, ამ გრძელპერიოდიან კომეტათა ნაწილი განლაგებულია სხვა ორბიტული სიბრტყის გასწვრივ; აღმომჩენებმა მას „ცარიელი ეკლიპტიკა“ უწოდეს და ის გალაქტიკის პოლუსთან მიმართებაში 180 გრადუსით ბრუნავს.
ამ აღმოჩენამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს მზის სისტემაში კომეტების თავდაპირველად წარმოქმნის ამბავს.
გრძელპერიოდიან კომეტათა მთლიან ორბიტებზე უშუალოდ დაკვირვება შეუძლებელია. ეს სხეულები საკმაოდ პატარა და მკრთალია და უბრალოდ არ გვაქვს ტექნოლოგია, რომლითაც მათ გარკვეულ წერტილს მიღმა დავინახავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათი ორბიტა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გაცილებით მეტია. თუმცა, როდესაც ისინი მზესთან ისეთ მანძილზე მოდიან, რომ შესაძლებელი ხდება დაფიქსირება, მათი ტრაექტორიითა და სიჩქარით შეგვიძლია დავადგინოთ მათი მთლიანი ორბიტები.
იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ასტრონომი არიკა ჰიგუჩი და მისი კოლეგები გრძეპერიოდიანი კომეტების ორბიტების გამოთვლაზე გარკვეულ ხანს მუშაობდნენ. ამ პროცესში მათ რაღაც საინტერესო შენიშნეს ორბიტებზე მზისგან უშორეს წერტილებში.
ამ წერტილებს აფელიონი ეწოდება და ის ეკლიპტიკასთან საკმაოდ ახლოს უნდა რჩებოდეს იმ სხეულებისთვის, რომელთა ორბიტებიც სიბრტყიდან იღებს სათავეს. ასე აღმოჩნდა ზოგიერთი გრძელპერიოდიანი კომეტის შემთხვევაშიც.
თუმცა, გამოიკვეთა გრძელპერიოდიან კომეტათა მეორე ჯგუფი, რომელთა შემთხვევაშიც პროექციები არ მიუთითებდა ეკლიპტიკისთვის შესაბამის აფელიონს. ამავე დროს, აფელიონები შემთხვევითად კი არ იყო გადანაწილებული, არამედ ისინი მეორე, უკაცრიელი სიბრტყის მიმართ ჩანდა ჩამწკრივებული.
ეკლიპტიკა გალაქტიკის სიბრტყის მიმართ 60 გრადუსით არის მიმართული. მეორე, ცარიელი ეკლიპტიკა გალაქტიკის სიბრტყის მიმართ ასევე 60 გრადუსით არის ორიენტირებული, მაგრამ სხვა მიმართულებით. სწორედ ეს შეიძლება იყოს გასაღები იმისა, თუ როგორ წარმოიქმნა ცარიელი ეკლიპტიკა.
მკვლევართა განცხადებით, ის შეიძლება გაჩნდა გალაქტიკური მოქცევით, რასაც თავად გალაქტიკის გრავიტაციული ველი წარმოადგენს. დროთა განმავლობაში, ამას შეიძლება გრძელპერიოდიანი კომეტები სიბრტყის მიმართ დაეხარა. სწორედ ამიტომ უწოდებს მკვლევართა ჯგუფი მეორე ეკლიპტიკას „ცარიელს“ — თავდაპირველად ის ასეთი იყო, იქამდე, ვიდრე მილიარდობით წლის განმავლობაში გალაქტიკური მოქცევა მას კომეტებით შეავსებდა.
ეს კონცეპტი უცნობი არ არს; უკვე ათწლეულებია, ასტრონომები პროგნოზირებენ, რომ ოორტის ღრუბელზე გალაქტიკურ მოქცევას უნდა ჰქონდეს ეფექტი.
მიუხედავად ამისა, ეს ჯერ მაინც იდეაა, რომელსაც მხარდამჭერი მტკიცებულება სჭირდება; შესაბამისად, ჰიგუჩიმ და მისმა ჯგუფმა ანალიტიკური გაანგარიშებები შეასრულეს, რათა შეექმნათ მოდელი, რომელიც გვეტყოდა, როგორ გავლენას შეიძლება ახდენდეს გალაქტიკური მოქცევა გრძელპერიოდიან კომეტებზე. ზუსტად ისე, როგორც ჰიგუჩი პროგნოზირებდა, აფელიონთა გადანაწილებას ორი განსხვავებული პიკი აღმოაჩნდა — ერთი ეკლიპტიკის სიახლოვეს, მეორე კი ცარიელი ეკლიპტიკის.
ეს კი მტკიცებულების სერიოზული ნაწილია, მაგრამ აღმოჩენის დადასტურებისთვის ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი.
„მკაფიო პიკები ზუსტად ეკლიპტიკასთან ან ცარიელ ეკლიპტიკასთან კი არ მდებარეობს, არამედ მათ სიახლოვეს. დაკვირვებული მცირე სხეულების განაწილების კვლევამ მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. გრძელპერიოდიან კომეტათა გადანაწილების დეტალური კვლევა ჩვენი სამომავლო სამუშაოა“, — ამბობს კვლევის ავტორი, იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ასტრონომი არიკა ჰიგუჩი.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nao.ac.jp-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.