ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ნინო გვენეტაძის შეხვედრა დახურულ რეჟიმში არ უნდა გამართულიყო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ნინო გვენეტაძის შეხვედრა დახურულ რეჟიმში არ უნდა გამართულიყო. მესამე სექტორი აცხადებს, რომ ამ დრომდე ნინო გვენეტაძისგან მათ განმარტებები არ მიუღიათ.
“ის, რაც გუშინ განიხილეს საბჭოს წევრებმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, არ იყო დახურულ რეჟიმში განსახილველი საკითხი. ამის განხილვა შეიძლებოდა საბჭოს სხდომის ფორმატშიც. მოსამართლეთა სიაში არიან ისეთები, რომელთა რეპუტაცია ბევრ კითხვას იწვევს. ამ დანიშვნების განმავლობაში ეს იყო ყველაზე ხმაურიანი დანიშვნები და კითხვები ჩვენც გვაქვს. თუმცა, ნინო გვენეტაძის პოზიცია უცნობია, მას დეტალური განმარტებები არ გაუკეთებია. ამ დანიშვნებმა ხარვეზებით ჩაიარა”, – განაცხადა ოლიკო შერმადინმა.
შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოში გუშინ ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების დოკუმენტს ხელი მოაწერა.