აკაკი ზოიძე - საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება.
აკაკი ზოიძე მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ შსს-მ მომხდარზე საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
„თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, ან რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს. ორი თვის წინ ექვსი ადამიანის დაღუპვაზე ვსაუბრობდით, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, რაც უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მოვიღოთ“, – აღნიშნავს ზოიძე.
დეპუტატის ცნობით, საკითხზე მთავრობასთან და მფლობელებთან ერთად კონსულტაციები გაიმართება.
„გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ამ შემთხვევაში რა მიზეზი იყო, მაგრამ კანონი მივიღეთ, შესაბამისი ინსპექცია მუშაობს. ამ შახტისთვის უზარმაზარი სამუშაოები იქნა ჩატარებული და დადებულია უსაფრთხოების ზომების გამაუმჯობესებელი ღონისძიებების მთელი პაკეტი. უსაფრთხოების ზომების მიღება ხდებოდა და ყველაფრის გამოსწორება რამდენად მოასწრეს, ასევე რა დარღვევები იყო აღმოჩენილი, ესეც ალბათ გამოძიების თემა იქნება. მინდელის შახტზე სამუშაოები ჩატარებული იყო და დასკვნა დადებულია, თუ რა უნდა გამოსწორდეს. შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს, რათა ამას დამსაქმებლისთვის პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. კერძოდ, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ თავისუფლების რისკი უნდა იყოს, თუნდაც წვრილმანი საკითხების უგულვებელყოფა, რაც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, – დასძინა ზოიძემ.
მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.