აკაკი ბობოხიძე - ჩვენს დროს იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი, ჩვენ ვცდილობდით, წესრიგისთვის შეგვეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით
„ქართული ოცნება“ არის რბილი ძალის პოლიტიკის გამტარებელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც საბჭოთა ადამიანია და როგორც ჩანს, საბჭოთა ადამიანი რბილ ძალას უფრო ეგუება. ქართველი კაცი ვერ ეგუება დიქტატურას, ავტორიტარიზმს და ვერ ეგუება „წესრიგსაც“, მაგრამ, როგორც ჩანს, ეგუება ამ მოჩვენებით უპასუხისმგებლობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში; არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა, ეს ყოფა საბჭოთა ადამიანებისთვის, ჩვენი მენტალობისთვის ჯერჯერობით უფრო ახლოს არის“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
კითხვაზე, თქვენ თქვით, რომ ქართველი კაცი ვერ ეგუება დიქტატურას, ძალმომრეობას, ავტორიტარიზმს, ორი ვადის შემდეგ თქვენი ხელისუფლება გაუშვა ხალხმა. ახლა რა თქვით ამით? იყო ავტორიტარიზმი, დიქტატურა, ძალმომრეობა? ბობოხიძემ უპასუხა:
„იყო ავტორიტარიზმი, იყო ძალაზე დამყარებული წესრიგი. ჩვენ ვცდილობდით, წესრიგისთვის შეგვეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით. მიმაჩნია, რომ რიგი შეცდომები დავუშვით, თუმცა დროც არ გვქონდა და სწრაფად უნდა გადაგვედგა ნაბიჯები. მოდით, ერთი მაგალითი ავიღოთ – კლასიკური „ქურდული სამყარო“, რომელიც არის რუსული იმპერიის და შემდგომ საბჭოთა კავშირის პროდუქტი, საქართველოში თითქოს გავაქრეთ და თითქოს დავამარცხეთ, მაგრამ როგორც კი, ძალის მომენტი მოიხსნა დღის წესრიგიდან, იმ წუთში აღდგა”, – განაცხადა ბობოხიძემ.