აკაკი ბობოხიძე - უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ნიკა მელიას ძალით წაიყვანენ
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ასე, შეწირული კრავებივით ყოველთვის ვერ წაიყვანენ ან თავისი ფეხით ოპოზიციონერები არ ეახლებიან. აქცენტი არ არის გადატანილი ფიზიკურ წინააღმდეგობაზე. უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ნიკა მელიას ძალით წაიყვანენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
ბობოხიძის თქმით, რადგან „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, ხვალ ნიკა მელიას მანდატს მოუხსნიან.
„საქართველოს დღეს ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ადამიანმა დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და არ უხსნიან მანდატს. ხვალ, იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურად, კონკრეტულად ნიკა მელიასთან სჭირდებათ ამ გადაწყვეტილების მიღება, მას მიიღებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ასე, შეწირული კრავებივით ყოველთვის ვერ წაიყვანენ ან თავისი ფეხით ოპოზიციონერები არ ეახლებიან. აქცენტი არ არის გადატანილი ფიზიკურ წინააღმდეგობაზე. უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ნიკა მელიას ძალით წაიყვანენ“, – განაცხადა ბობოხიძემ.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.