აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიის ნახევარი სირიის ჯარის კონტროლქვეშ მოექცა
სირიის ჯარმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას დიდი ნაწილი დაიკავა. ქალაქი დუმა ალყაშია მოქცეული. არაბული მედიის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი ანკლავი ორ ნაწილადაა გაყოფილი. სირიის ჯარი სამ სხვადასხვა ტერიტორიაზე ახორციელებს ოპერაციას. ჯარის მიზანია, ანკლავში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ზონა შეიქმნას, რაც მეამბოხეებს იზოლირებულ ტერიტორიაზე დაასუსტებს. ასევე, იზოლაციის შედეგად შეწყდება იარაღის მიწოდება მეამბოხეებისთვის.
ბაშარ ალ ასადის მთავრობის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო ერთ თვეში 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 200-მდე ბავშვი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, ესენია – „ექიმები საზღვრებს გარეშე“, „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“, „თეთრი ჩაფხუტები“.
რუსეთის მოკავშირე ასადის მთავრობა გაერო-ს რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე არ დაემორჩილა. ზემოთ ხსენებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ აღმოსავლეთ ღუტაში, ქალაქ ალ-შიფუნიაში სამთავრობო ავიაციამ ე.წ. კასრის ბომბების საშუალებით მოქალაქეების წინააღმდეგ ქლორის გაზი გამოიყენა.