სირიაში საფრანგეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების დარიგება დაიწყეს
სირიაში საფრანგეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების დარიგება დაიწყეს

სირიაში, მთავრობის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში საფრანგეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების დარიგება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი ტვირთის განაწილების უზრუნველყოფას დათანხმდა, ადგილობრივებმა 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით სარგებლობა შეძლეს.

50 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთი, რომელიც ბალიშებით, კარვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით არის დატვირთული, საფრანგეთიდან რუსეთის სამხედრო ბაზაზე ჯერ კიდევ 21 ივლისს ჩაიტანეს. ჰუმანიტარული დახმარების გაწევასა და მისი დარიგების შესახებ თანამშრომლობაზე რუსეთი და საფრანგეთი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინმა მაისში მოსკოვში ემანუელ მაკრონს უმასპინძლა, სწორედ ამ დღეს გამართული მოლაპარაკებების დროს მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

აღმოსავლეთ ღუტაში 500 000 მშვიდობიანი მოსახლე ცხოვრობს. ქალაქი ამბოხებულებს ჰქონდათ დაკავებული, თუმცა აპრილში რუსეთის დახმარებით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, სახელისუფლებო ძალებმა ღუტას დაკავება მოახერხეს. საფრანგეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, დაპირისპირებების შედეგად, ქალაქში 500 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული და მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

საფრანგეთის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება სირიის შვიდწლიანი კონფლიქტის განმავლობაში ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესული პირველი დასავლური ჰუმანიტარული ტვირთია.