აღმოჩენილია უხელო დინოზავრის ახალი სახეობის ნამარხი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია უხელო დინოზავრის ახალი სახეობის ნამარხი — #1tvმეცნიერება

არგენტინაში პალეონტოლოგებმა გამოავლინეს დინოზავრის ახალი სახეობა, რომელსაც ძლიერ განუვითარებელი წინა კიდურები აქვს.

დინოზავრის, სახელად Guemesia ochoai-ის იდენტიფიცირება ერთი თავის ქალის საფუძველზე შეძლეს; მიეკუთვნება ციცქნა ხელებიან მტაცებელ დინოზავრთა ჯგუფს, რომელსაც აბელიზავრიდებს უწოდებენ და ერთ დროს გავრცელებული იყვნენ ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ინდოეთში; გადაშენდნენ დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ.

G. ochoai-ს თავის ქალა ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში აღმოჩენილი ერთადერთი ამ სახის ნამარხია და დაახლოებით 70 მილიონი წლის წინანდელია. სხვა აბელიზავრიდებისგან განსხვავებით, მისი თავის ქალა თვალშისაცემად პატარაა.

უფრო მეტიც, ის ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ხელების მქონე აბელიზავრიდია — აქვს სახელგანთქმული კარნოტავრების გვარის წარმომადგენელთა ზომის მხოლოდ 70 პროცენტი; ეს დინოზავრები ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ბინადრობდნენ.

თუ ახლად აღმოჩენილი სახეობის წინა კიდურები მისი პატაგონიელი თანამოძმეების მსგავსი იყო, ისინი მის მკერდზე განლაგებული გამოუსადეგარი წანაზარდები უნდა ყოფილიყო. არ უნდა ჰქონოდათ მკლავის მყარი ძვლები და აბელიზავრიდებს არ უნდა შესძლებოდათ ამ წანაზარდების მოხრა, მხოლოდ თითებით თუ შეძლებდნენ რამის დაჭერას. მათ ბრჭყალებიც კი არ ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტირანოზავრ რექსს უფრო გრძელი და დაკუნთული წინა კიდურები ჰქონდა, აბელიზავრიდებს თავიანთზე დიდი მსხვერპლის მონადირება უნდა შესძლებოდათ. ძლიერი ყბები და დანის მსგავსი კბილები ადვილად ანაცვლებდა უსუსურ მკლავებს.

მხოლოდ თავის ქალის საფუძველზე ძნელია იმის დადგენა, ზუსტად რა ზომის იყო G. ochoai, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს ბუნების ისტორიის მუზეუმი მას Carnotaurus sastrei-ს ადარებს, რომელიც ქვემოთ ფოტოზეა მოცემული, მაგრამ უნდა ჰქონოდა უფრო პატარა თავი რქების გარეშე.

„ახალი დინოზავრი ფრიად უჩვეულოა მის სახეობაში. გვიჩვენებს, რომ ამ რეგიონის ბინადარი დინოზავრები საკმაოდ განსხვავდებოდნენ არგენტინის სხვა ნაწილში გავრცელებულებისგან, რაც მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ცარცული პერიოდის სამხრეთ ამერიკაში რეგიონები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა“, — ამბობს პალეონტოლოგი ანიალი გოსვამი.

ანალიზები ეთანხმება სხვა ბოლოდროინდელ აღმოჩენებს, რომელთა მიხედვითაც, აბელიზავრიდები სამხრეთ ამერიკაში იმაზე მრავალფეროვანი იყვნენ, ვიდრე ექსპერტებს მიაჩნდათ. როდესაც სუპერკონტინენტმა გონდვანამ დაშლა დაიწყო, როგორც ჩანს, სამხრეთ ნაწილზე დარჩენილი აბელიზავრიდები განსხვავებულ იზოლირებულ ეკოსისტემებს მოერგნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ განუვითარდათ მათ ასე ციცქნა წინა კიდურები. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ისინი გაქრობადი კიდურებია, უსარგებლო ნარჩენები წინაპრებისგან, რომლებიც მათ ერთ დროს კარგად იყენებდნენ.

არგენტინაში აღმოჩენილი თითქმის ყველა აბელიზავრიდის ნამარხი პატაგონიიდან არის და აქვთ მრავალი ფიზიკური მსგავსება, მათ შორის, კომიკურად პატარა წინა კიდურები. თუმცა, G. ochoai პირველია, რომელიც ჩრდილო-დასავლეთში აღმოაჩინეს და მისი მახასიათებლები ფრიად განსხვავებულია, ალბათ იმიტომ, რომ ის უფრო თბილ კლიმატში ცხოვრობდა.

მაგალითად, მის თავის ქალას აქვს მთელი რიგი პატარა ხვრელები, რომლებიც დინოზავრს შეიძლება გაგრილების საშუალებას აძლევდა, რისთვისაც სისხლს კანისკენ ქაჩავდა და სითბოს გამოყოფდა. ასეთი მახასიათებელი ასეთივე გამოსადეგი არ უნდა ყოფილიყო უფრო სამხრეთით.

„გვიანდელ ცარცულ პერიოდში, სამხრეთ ამერიკას ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებად ყოფდა ზღვის დერეფანი, რომელიც გარკვეული ფილტრის როლს ასრულებდა ზოგიერთი ხერხემლიანისთვის“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, Guemesia-ში გამოკვეთილი ძლიერი მორფოლოგიური განსხვავებული სხვა აბელიზავრიდებისგან, შეიძლება დამატებითი მტკიცებულება იყოს ცარცული პერიოდის ჩრდილო-დასავლეთ არგენტინის ბიოგეოგრაფიული განსხვავებულობისა.

მსოფლიოს ნამარხებით მდიდარი სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, არგენტინა შედარებით შეუსწავლელია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ კიდევ ბევრი საოცარი აღმოჩენა გველოდება.

კვლევა Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nhm.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.