ნამარხი მიუთითებს, რომ დინოზავრებში გრიპის მსგავსი დაავადება უნდა ყოფილიყო გავრცელებული — #1tvმეცნიერება
ნამარხი მიუთითებს, რომ დინოზავრებში გრიპის მსგავსი დაავადება უნდა ყოფილიყო გავრცელებული — #1tvმეცნიერება

ხშირი ხველა, უკონტროლო ცემინება, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი არავისთვის არის ადვილი გადასატანი, დინოზავრებისთვისაც კი.

ახლახან, მკვლევრებმა პირველად მიაგნეს რესპირატორული დაავადების მტკიცებულებას გრძელკისერა, ბალახისმჭამელ დინოზავრთა ტიპში, რომელსაც ზავროპოდებს უწოდებენ; კონკრეტული დინოზავრი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ, იურულ პერიოდში, თანამედროვე მონტანის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

ნამარხს, რომელსაც „დოლი“ უწოდეს, კისრის ძვლებში დამახინჯებული სტრუქტურა აქვს. ეს მალები შეწყვილებული იყო ჰაერის პარკუჭებთან, რომლებიც ფილტვებთან იყო მიერთებული და წარმოადგენდა ზავროპოდთა სასუნთქი სისტემის ნაწილს; ძვლების პათოლოგიური გარეგნული მხარე სავარაუდოდ გამოწვეულია მწვავე რესპირატორული ინფექციით, რომელმაც შეიძლება, ცხოველი 15-20 წლის ასაკში მოკლა.

პალეონტოლოგებმა ჯერ არ იციან, რა ტიპის მიკროორგანიზმს შეიძლება გამოეწვია ზავროპოდის ავადობა, მაგრამ დინოზავრს სავარაუდოდ უნდა ჰქონოდა იმ გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომელიც ამჟამინდელ ფრინველებს მწვავე რესპირატორული დაავადების სახით ხვდებათ.

ნამარხი — თავის ქალა და კისრის ნაწილი, მკვლევრებმა 1990 წელს იპოვეს მონტანაში და ახლომდებარე კლდოვანი მთების მუზეუმში შეინახეს.

ნამარხს ოფიციალურ სახელად MOR 7029 მიანიჭეს და მთელი ამ დროის განმავლობაში შეუსწავლელად ინახებოდა მუზეუმის საცავში.

2000-იან წლებში ნამარხის შესწავლა დაიწყო მონტანის დიდი ვაკეების დინოზავრთა მუზეუმის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კარი ვუდრაფმა, რომელიც იმ დროს მაგისტრობის კანდიდატი იყო. ის მალევე მიხვდა, რომ დინოზავრი დიპლოდოკების გვარის ჯერჯერობით უცნობ სახეობას მიეკუთვნებოდა.

ამიტომ, მან ნამარხის აღმოჩენის ადგილს მიაშურა იმის იმედით, რომ იქნებ სხვა ძვლებიც ეპოვა. ვუდრაფი 2018 წლამდე აგროვებდა და ერთობლივად სწავლობდა ყველა შესაძლო მასალას.

კვლევის დაწყებიდან მალევე, აშკარად გამოიკვეთა მალებში არსებული პათოლოგიური სტრუქტურები. ძვლების ანომალია სრულებით არ ჰგავდა მისი ან მისი კოლეგების მიერ სხვა რომელიმე ზავროპოდში ნანახს.

ზავროპოდების სასუნთქი (რესპირატორული) სისტემა, მათი თანამედროვე ფრინველი ნათესავების მსგავსად, ძუძუმწოვრებისგან განსხვავდებოდა ჰაერის პარკუჭების ქსელით, რომლებიც მათ ფილტვებთან იყო დაკავშირებული და საბერველის როლს ასრულებდა, ხდებოდა ჟანგბადის ცირკულირება ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს. ზავროპოდებში რესპირატორული ქსოვილები კისრის მალებთან მიერთებული იყო ძვლების გვერდებზე არსებულ დიდ ხვრელთა გარშემო, რომლებსაც პლევროკოელები ეწოდება.

როგორც წესი, პლევროკოელის ქსოვილი ძალიან გლუვია, თითქმის მინის მსგავსი. თუმცა, ნამარხის სამ მალაში, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გამოავლინა, რომ პლევროკოელის ქსოვილის საზღვრები უსწორმასწორო და უხეში იყო, მუწუკების მსგავსი გამონაშვერებით, დაახლოებით ბროკოლის მსგავსად.

„ის ფაქტი, რომ ასეთი უცნაური სტრუქტურები რესპირატორული მილისა და მალების შეერთების ადგილას არის, რაც ჩვენთვის კარგი ნიშანი იყო იმისა, რომ ეს შეიძლება რესპირატორულთან დაკავშირებული ყოფილიყო“, — ამბობს ვუდრაფი.

მკვლევართა განცხადებით, ინფექცია, რომელიც ჰაერის პარკუჭების ანთებას იწვევდა, შეიძლება ძვალშიც შესულიყო და წარმოექმნა დაზიანებები, რომლებიც ნამარხებშიც შემოინახა.

რესპირატორული ინფექციების გამოწვევა შეუძლია ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებსა და პარაზიტებს. იმის გასარკვევად, კონკრეტულად რომელმა მათგანმა გამოიწვია ნამარხის რესპირატორული აშლილობა, კვლევის ავტორებმა მისი ნაიარევები შეადარეს თანამედროვე ფრინველების რესპირატორულ ავადმყოფობათა შედეგად წარმოქმნილ დაზიანებებს; გახსოვდეთ, რომ დღევანდელი ფრინველები დინოზავრების ცოცხალ ხაზს წარმოადგენენ.

მკვლევრებმა ასევე გაითვალისწინეს ის რესპირატორული აშლილობები, რომლებიც ემართებათ დღევანდელ რეპტილიებს, დინოზავრების შორეულ ნათესავებს.

გამოავლინეს სოკოვანი რესპირატორული დაავადება, რომელიც რეპტილიებსაც ემართებათ და ფრინველებსაც: ასპერგილოზი, რასაც იწვევს სოკო Aspergillus-ი და თანამედროვე ფრინველებში ყველაზე ხშირად არის რესპირატორულ დაავადებათა მიზეზი. თუკი დღევანდელ დინოზავრებში ყველაზე გავრცელებული რესპირატორული აშლილობის მიზეზი სოკოვანი ინფექციაა, ვუდრაფის აზრით, ეს მხარს უჭერს იმ ფაქტს, რომ დინოზავრები წარსულშიც შეიძლება ყოფილიყვნენ მოწყვლადნი სოკოვანი დაავადებებისადმი.

რესპირატორული დაავადებები ფრინველებში მრავალ იგივე სიმპტომს იწვევს, რასაც გრიპი და პნევმონია ადამიანებში, მათ შორის, ცემინებას, ხველას, თავის ტკივილს, ცხელებას, დიარეას, წონის კლებას. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად ცუდ მდგომარეობაში შეიძლება ყოფილიყვნენ ავადმყოფი დინოზავრები მილიონობით წლის წინ.

„ხელში გიჭირავს ეს ნამარხი და იცი, რომ 150 მილიონი წლის წინ, დინოზავრიც ისევე ცუდად გრძნობდა თავს ავადმყოფობისას, როგორც შენ“, — აღნიშნავს ვუდრაფი.

საინტერესოა, იყო თუ არა ამ დინოზავრის დაავადება სასიკვდილო?

დღევანდელ ფრინველებში, მკურნალობის გარეშე ასპერგილოზმა შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს; ავადმყოფობას დინოზავრის გადარჩენის შანსი შეიძლება ძლიერ შეემცირებინა.

ზავროპოდების მსგავს ჯოგურ ცხოველებში, ავადმყოფი ინდივიდები შეიძლება ჯგუფს ჩამორჩენოდნენ და ადვილად გამხდარიყვნენ მტაცებელთა მსხვერპლი.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.