დინოზავრის გაქვავებული კანი მეცნიერებმა უმცირეს დეტალებში შეისწავლეს — #1tvმეცნიერება
დინოზავრის გაქვავებული კანი მეცნიერებმა უმცირეს დეტალებში შეისწავლეს — #1tvმეცნიერება

დიდი ხნის წინ მომკვდარი არსებების გარე ნაწილები ნამარხებში თითქმის არ გვხვდება. სწორედ ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელგანთქმული მტაცებელი დინოზავრის წარმოუდგენლად კარგად შემონახულ კანს. ახალი ანალიზების შედეგად გამოიკვეთა ქერცლის კომპლექსური საფარი, ხორკლები, ამობურცულობები და ნაკეცები.

ხვლიკის მსგავსი მტაცებელი, რომელსაც რქიან აბელიზავრიდს (Carnotaurus sastrei) უწოდებენ, პირველად 1984 წელს, პატაგონიაში აღმოაჩინეს. იმ დროისათვის, ის პირველი ხორცისმჭამელი დინოზავრი იყო, რომლის ნამარხსაც გაქვავებული კანიც ჰქონდა შემორჩენილი, რომელიც მტაცებლის თითქმის მთლიან სხეულს ფარავდა.

იმ დროისათვის, კანის ხორკლიანმა ზედაპირმა მეცნიერებს სპილოს ტყავი გაახსენა. არსად შეიმჩნეოდა ბუმბულის ნიშნები.

ნამარხს კანი მხოლოდ რქებიან თავზე აკლდა; ახლახან, მეცნიერებმა აღმოჩენა სათანადოდ შეისწავლეს და დეტალურად აღწერეს.

კანის ანაბეჭდების სხვა, მოკლე აღწერებისგან განსხვავებით, ახალმა ანალიზებმა ვერ მიაგნო იმის მტკიცებულებას, რომ დინოზავრის ქერცლები არარეგულარულ მწკრივებად იყო განლაგებული ან სხვადასხვა ზომის იყო სხეულის ნაწილების შესაბამისად.

მაგალითად, ქერცლები არ პატარავდებოდა ბოლოსკენ, კუდის წვერისკენ, დინოზავრის ტანის ცენტრალური ნაწილისგან შორს. ყველაზე დიდი ქერცლები შემთხვევითობის პრინციპით იყო მიმობნეული გულმკერდსა და კუდზე.

„მხრების, მუცლისა და კუდის რეგიონების კანზე დაკვირვებით აღმოვაჩინეთ, რომ ამ დინოზავრის კანი იმაზე უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. შედგება დიდი და შემთხვევითად გადანაწილებული კონუსისებრი ამობურცულობებისგან, რომლებსაც გარს აკრავს პატარა, წაგრძელებული, ბრილიანტის ფორმის წრიული ქერცლები“, — ამბობს პალეონტოლოგი კრისტოფ ჰენდრიკი.

მართალია, ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ ბუმბულებიანი დინოზავრები უფრო მეტი იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა ბუმბულით ყველა ეს არსება ნამდვილად არ იყო შემოსილი.

იმ დინოზავრებსაც კი, რომლებიც თანამედროვე ფრინველთა შტოს მიეკუთვნებოდნენ, აუცილებლად არ აქვთ ბუმბულები. ხმელეთის დიდ ხორცისმჭამლებს, მაგალითად, T. rex-ს და რქიან აბელიზავრიდებს ნამდვილად უნდა ჰქონოდათ ქერცლიანი, ხვლიკის მსგავსი კანი.

ორივე ეს სახელგანთქმული მტაცებელი მიეკუთვნებოდა ღრუ-ძვლიან, ორფეხიან დინოზავრთა შტოს, რომლებსაც თეროპოდებს უწოდებდნენ და რომელთაგანაც წარმოიშვნენ შემდეგ თანამედროვე ფრინველები.

მკვლევართა განცხადებით, C. sastrei-ს ამ კონკრეტულ ეგზემპლარს ჩვენამდე მოღწეულთა შორის საუკეთესოდ შემონახული კანი აქვს არამფრინავ თეროპოდთა ნამარხებს შორის. ჯამში მოიცავს კანის ექვს ფრაგმენტს, რომლებიც კისრიდან, მხრების რკალიდან, გულმკერდიდან და კუდიდან აიღეს.

უდიდესი ნაწილი კუდის წინა მხარს ეკუთვნის. აქ ყველაზე მცირე ქერცლის დიამეტრი 20 მილიმეტრია, ზოგჯერ კი სხვა ორჯერ უფრო დიდ ქერცლებს შორისაც გვხვდება.

ეს გაცილებით დიდი, გამოკვეთილი ქერცლები თითქმის გუმბათის ფორმისაა, ისეთი, როგორიც გრძელკისერა, ბალახისმჭამელ დიპლოდოკებსაც ჰქონდათ. სხვა ქერცლები უფრო ბრილიანტებს წააგავს, უფრო გრძელებია და განიერი; ამ თვალსაზრისით ისინი ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ ბინადარ ტირანოზავრიდების ქერცლებს ჰგავს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ჰქონდა რქიან აბელოზავრიდს ასე მრავალფეროვანი ქერცლები.

1997 წელს მეცნიერები ვარაუდობენენ, რომ Carnotaurus-ის დიდი, კონუსისებრი ქერცლები კონფრონტაციების დროს გარკვეულ თავდაცვას უზრუნველყოფდა, მაგრამ როგორც ახალი კვლევის ავტორები მიუთითებენ, ამ ქერცლებს კბილების წინააღმდეგ დიდი მედეგობა არ უნდა ჰქონოდა და ისინი უბრალოდ შეფერილობის ფუნქციას ასრულებდნენ.

ეს კი დაახლოებით თანამედროვე ფრინველთა ბუმბულის შემთხვევას ჰგავს, რომელიც უფრო ვიზუალისა და ფრენის ფუნქციას ასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბუმბულები ქერცლებისგან განვითარდა, ასეთი მსგავსი მრავალფეროვნება შეიძლება შემთხვევითი არ იყოს.

თუმცა, ძნელია სხვა მსგავსებათა დადგენა. მაგალითად, რქიანი აბელიზავრიდის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ქერცლები მის კუდზე გვხვდება, სადაც გარკვეული ნაწილი ვერტიკალური ღარების სახით არის ჩამწკრივებული.

მკვლევართა განცხადებით, ეს პარალელური ხაზები თითქმის სპილოს ტყავის ნაოჭებს ჰგავს. მათი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თეროპოდებსა და აფრიკულ სპილოებს საოფლე ჯირკვლები არ აქვთ და თბილ კლიმატში ცხოვრობენ, ამ მახასიათებლებს შეიძლება ერთნაირი ფუნქციები აქვთ.

სავარაუდოა, რომ თეროპოდების კანი გარკვეულ როლს ასრულებდა თერმორეგულაციაში. ზუსტად გასარკვევად მეტი კვლევაა საჭირო.

კვლევა Cretaceous Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი