ნამარხებში დედამიწის ისტორიაში ყველაზე გრძელი დინოზავრი გამოავლინეს — 1tvმეცნიერება
ნამარხებში დედამიწის ისტორიაში ყველაზე გრძელი დინოზავრი გამოავლინეს — 1tvმეცნიერება

მსოფლიოში ყველაზე გრძელი დინოზავრის სტატუსი შეიძლება სუპერზავრს მიენიჭოს; ამ დასკვნამდე მეცნიერები გრძელკისერა დინოზავრების ახლად აღმოჩენილი ძვლების ანალიზის საფუძველზე მივიდნენ.

სხვა უკიდურესად გრძელ დინოზავრთა მსგავსად, სუპერზავრიც დიპლოდოციდია — გრძელკისერა ზავროპოდი, რომელსაც მათრახის მსგავსი კუდი ჰქონდა.

სუპერზავრები ყოველთვის მიიჩნეოდა ერთ-ერთ უგრძელეს დინოზავრებად, მაგრამ შესაფერის ჩონჩხზე ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ის ყველაზე გრძელი დინოზავრი იყო.

სუპერზავრები დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ, იურულ პერიოდში ბინადრობდნენ და მათი სიგრძე ცხვირიდან კუდამდე 39-42 მეტრს აღწევდა.

აქამდე ერთ-ერთ ყველაზე გრძელ დინოზავრად დიპლოდოკი ითვლებოდა; 2006 წელს ერთ-ერთ ნამარხზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი სიგრძე 33 მეტრი უნდა ყოფილიყო.

ახალი აღმოჩენა თითქმის 50 წლის განმავლობაში მიმდინარე მუშაობის გვირგვინია. სუპერზავრის პირველი ეგზემპლარი 1972 წელს აღმოაჩინეს სხვადასხვა ძვლების გროვაში. არქეოლოგ ჯიმ ჯენსენის აღმოჩენებს შორის იყო მხრების ძვალი.

ძვლების „საბადოში“ ასევე აღმოაჩინეს სხვა ძვლებიც, რომლებიც ჯენსენის აზრით, ორ სხვა ზავროპოდ დინოზავრს ეკუთვნოდა; ერთი წლის შემდეგ მათ ულტრაზავრი და დისტილოზავრი უწოდეს.

აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა; საზოგადოება ძლიერ დაინტრიგდა ბრაქიოზავრზე დიდი დინოზავრის აღმოჩენით, რადგან ის იმ დროისთვის ყველაზე გრძელ დინოზავრად ითვლებოდა. ჟურნალისტებმა ახალ დინოზავრს შემთხვევით უწოდეს სუპერზავრი.

1985 წელს ჯენსენმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც იმავე საბადოში სამი ახალი ზავროპოდის აღმოჩენას იუწყებოდა. თუმცა, ის პალეონტოლოგი არ იყო და ანალიზებში გარკვეული შეცდომები დაუშვა.

მომდევნო წლებში პალეონტოლოგები კამათობდნენ, ულტრაზავრი და დისტილოზავრი ნამდვილად ცალკე გვარი იყო თუ მათი ძვლების ანალიზში შეცდომა დაუშვეს და სინამდვილეში ისინი ერთ სუპერზავრს ეკუთვნოდა.

სამი დინოზავრის ერთ დინოზავრად გადაკლასიფიცირებამ მეცნიერებს სუპერზავრის უფრო სრულყოფილი სურათი დაუხატა, რაც გამოსადეგი აღმოჩნდა მისი სიგრძის შესაფასებლად.

როგორ გახდა სამი დინოზავრი ერთი? წლების წინ დაშვებული შეცდომის აღმოჩენით. მაგალითად, საბადოში აღმოჩენილი ერთ-ერთი დინოზავრი მეორეზე დაახლოებით 25 სანტიმეტრით გრძელია, რამაც მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ის დინოზავრთა სხვა გვარს ეკუთვნოდა.

თუმცა, როდესაც ახალი კვლევის ავტორმა, არიზონის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგმა ბრაიან კურტისმა ნიმუშები შეამოწმა, დაადგინა, რომ უფრო გრძელი ძვლები დაბზარული და გამრუდებული იყო.

„თუ ბზარებს შევაერთებთ, იგივე სიგრძეს მივიღებთ“, — ამბობს კურტისი.

დისტილოზავრის გვარისთვის მიკუთვნებულ ეგზემპლარში მან ასევე აღმოაჩინა გარემოს მიერ მიყენებული დეფორმაციები და აჩვენა, რომ სინამდვილეში, ეს ძვლები სუპერზავრს ეკუთვნოდა.

ამას გარდა, ახლომახლოს ვერ მიაგნეს სხვა განსაკუთრებით დიდი ზავროპოდის ძვლებს. სამაგიეროდ, დიპლოდოციდის მსგავსი ყველა დიდი ძვალი საბადოს ერთ კუთხეში აღმოაჩინეს და ძვლებიც არ მეორდებოდა.

კურტისის განცხადებით, ყველა დიდი დინოზავრის ძვალი დაახლოებით ერთნაირი ზომისაა, შესაბამისად, ყველა მათგანი ერთ ინდივიდს ეკუთვნის: სუპერზავრს.

პირველი აღმოჩენის შემდეგ, ვაიომინგის შტატში სხვა პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ნაწილობრივი ჩონჩხები, რომლებიც მათი აზრით, სუპერზავრებს ეკუთვნით.

სუპერზავრების სიგრძის წინა შეფასებათა საფუძველზე, ის ნამდვილად გრძელ დინოზავრთა რიგებში ხვდებოდა; ვარაუდობდნენ, რომ მათი სიგრძე 33-34 მეტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც კურტისი აღნიშნავს, ეს შეფასებები არასრულ მონაცემებს ეფუძნებოდა.

წლების განმავლობაში კურტისი გათხრებისას აღმოჩენილ ამ შეუსწავლელ ძვლებს იკვლევდა და გამოავლინა ხუთი ახალი კისრის მალა, ერთი ახალი ხერხემლის მალები და ორი ახალი კუდის მალები.

კუდის ამ ზოგიერთ მალას, კურტისი წარსულში შეცდომით აკუთვნებდა დიპლოდოციდ დინოზავრ აპატოზავრს; თუმცა, ერთ-ერთმა კვლევამ ის დაარწმუნა, რომ სუპერზავრის კუდი აპატოზავრისა და ბაროზავრის კუდების ნაზავს ჰგავდა.

ახლად იდენტიფიცირებულმა ძვლებმა კურტისს სუპერზავრის სიგრძის უფრო ზუსტი შეფასების გაკეთების საშუალება მისცა; დაადგინა, რომ მისი კისერი 15 მეტრამდე იყო, კუდი კი 18 მ.

ამას გარდა, ახლად იდენტიფიცირებული ძვლების ზომა და ფორმა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ დრაი-მესას დინოზავრთა საბადოზე აღმოჩენილი ყველა დიდი ძვალი სუპერზავრს ეკუთვნის და არა სამ სხვადასხვა დიდ დინოზავრს.

კისრის მალების დაახლოებით 1,3-მეტრიან ეგზემპლარზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სუპერზავრის სიგრძე 39-42 მეტრი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სუპერზავრი შეიძლება დედამიწის ისტორიაში ყველაზე გრძელი დინოზავრი იყო, ამას ვერ ვიტყვით მის მასაზე. ეს პატივი სავარაუდოდ ეკუთვნის სუპერმძიმე ტიტანოზავრ არგენტინოზავრს, რომელიც 82 ტონას იწონიდა და სუპერზავრზე ორჯერ მძიმე იყო.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.