პატაგონიაში ახალი სახეობის მტაცებელი, ხორცისმჭამელი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პატაგონიაში ახალი სახეობის მტაცებელი, ხორცისმჭამელი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

არგენტინაში მიმდინარე გათხრებისას, მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. ტირანოზავრის მსგავს მტაცებელს Llukalkan aliocranianus-ი უწოდეს, რაც „შიშის მომგვრელს“ ნიშნავს.

იზრდებოდა სპილოს ზომის და ჰქონდა ბასრი კბილები; L. aliocranianus-ი უდავოდ ძლიერ საშიში უნდა ყოფილიყო გვიანდელი ცარცული პერიოდის სხვა ნებისმიერი არსებისთვის.

ახალი სახეობა აბელიზავრიდების ოჯახს ეკუთვნის და სავარაუდოდ, ოჯახის ცხრა წევრს შორის ყველაზე კარგი სმენა უნდა ჰქონოდა (თანამედროვე ნიანგების მსგავსი). მკვლევართა განცხადებით, დინოზავრს ასევე ჰქონდა უზარმაზარი ბრჭყალები და ძლიერი ყნოსვა.

„აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიუთითებს, რომ აბელიზავრიდების მრავალფეროვნება და სიუხვე თვალშისაცემი ყოფილა, არა მხოლოდ პატაგონიაში, არამედ სხვა ლოკალურ ზონებშიც“, — ამბობს არგენტინის სან-ლუისის ეროვნული უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ფედერიკო ჯიანეკინი.

აბელიზავრიდები უძველეს სუპერკონტინენტ გონდვანაზე ბინადრობდნენ, რომელიც ახლა სხვადასხვა კონტინენტებად არის დაყოფილი.

მათ უჩვეულოდ მოკლე და ჯმუხი თავის ქალა ჰქონდათ, რომელზეც ხშირად ეზრდებოდათ ბიბილოს მსგავსი წანაზარდები და რქები. ამ კონკრეტულ სახეობას თავზე კოპების მსგავსი გამონაზარდები უნდა ჰქონოდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ L. aliocranianus-ი იმავე პერიოდში არსებობდა, როდესაც კიდევ ერთი აბელიზავრიდი Viavenator exxoni; თუმცა, ახლად აღმოჩენილი სახეობა მასზე პატარა უნდა ყოფილიყო.

„ეს დინოზავრები ახალ ევოლუციურ გზებს ეძებდნენ და გადაშენებამდე ცოტა ხნით ადრეც კი, მათი სწრაფად გამრავალფეროვნება მიმდინარეობდა“, — ამბობს პატაგონიის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგი არიელ მენდესი.

დინოზავრის განმარხებულ ნაშთებს შორის არის თავის ქალა, რომელსაც აბელიზავრიდებს შორის უნიკალური მახასიათებელი აღენიშნება: ჰაერით ამოვსებული სიღრუვე ყურის ზონის შუაგულში, რაც მის სმენას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა.

ასეთი სმენა სავარაუდოდ აუმჯობესებდა მტაცებელი დინოზავრის უნარებს; მკვლევართა განცხადებით, L. aliocranianus-ი და V. exxoni იმ დროის ყველაზე საშიში ხორცისმჭამელები უნდა ყოფილიყვნენ.

როგორც ჩანს, ამ რეგიონში კიდევ ბევრ აღმოჩენას უნდა ველოდოთ, თანაც ძალიან შორეული წარსულიდან — 80 მილიონი წლის წინ იქ საკმაოდ ბევრი, ალბათ სხვადასხვა სახეობის აბელიზავრიდი ბინადრობდა.

კვლევა Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი