ამ პაწაწინა, ბუს მსგავს დინოზავრს უმძლავრესი მხედველობა და სმენა ჰქონდა და ღამით ნადირობდა — #1tvმეცნიერება
ამ პაწაწინა, ბუს მსგავს დინოზავრს უმძლავრესი მხედველობა და სმენა ჰქონდა და ღამით ნადირობდა — #1tvმეცნიერება

ერთი ციცქნა, ხორცისმჭამელ დინოზავრს სიბნელეში ხედვის უმძლავრესი უნარი და სმენა ჰქონდა, დაახლოებით ისეთივე კარგი, როგორც ბუს. სავარაუდოდ, ეს პაწაწინა დინოზავრი ამ განსაკუთრებულ უნარებს ბუს მსგავსად იყენებდა სრულ წყვდიადში მსხვერპლის დასაჭერად.

ბუს მსგავსი Shuvuuia თეროპოდი იყო — ორფეხა (ბიპედალური), სამთითიანი ხორცისმჭამელი დინოზავრი.

ჩვენთვის ცნობილია მისი მხოლოდ ერთი სახეობა, Shuvuuia deserti. ის შინაურ კატაზე უფრო პატარა იყო, მაქსიმუმ 0,6 მეტრი სიგრძის. ბინადრობდა 75-81 მილიონი წლის წინ, გვიანდელ ცარცულ პერიოდში, თანამედროვე მონღოლეთის გობის უდაბნოს ტერიტორიაზე.

Shuvuuia-ს თვალის ბუდის ძვლების წინა ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა სიბნელეში ხედვაზე სპეციალიზებული დიდი თვალები. თუმცა, მაშინ ცოტა რამ იყო ცნობილი ღამით აქტივობასთან ამ დინოზავრის ადაპტაციების შესახებ.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს გადაშენებულ თეროპოდთა და თანამედროვე ფრინველთა ათობით სახეობის თავის ქალა. ფრინველები თეროპოდების ის ერთადერთი ხაზია, რომელიც გადარჩა და ჩვენამდე მოაღწია.

მას შემდეგ, რაც დინოზავრის განმარხებული თვალებისა და ყურების სტრუქტურები შეადარეს დღეს არსებულ ღამის ფრინველთა იგივე მახასიათებლებს, მკვლევრებმა შეძლეს იმის დადგენა, ეს დინოზავრი დღისით იყო აქტიური თუ ღამით.

ნამარხებში რბილი ქსოვილები იშვიათად არის შემორჩენილი, მაგრამ პალეონტოლოგებს დინოზავრის თვალებისა და მხედველობის შესახებ გარკვეულ ცნობათა მიღება მაინც შეუძლიათ იმ ძვლებისგან, რომლებიც თვალის ბუდეში წრეს წარმოქმნიან, ე. წ. სკლერულ რგოლს.

სკლერული რგოლები ბევრ ხერხემლიანს აქვს (მათ შორის გადაშენებულ დინოზავრებს); ამ რგოლის დიამეტრი მიუთითებს იმ მაქსიმალურ სიგანეზე, რამხელაზეც შეუძლია ცხოველის თვალის გუგას გაფართოება. ეს კი თავის მხრივ მიანიშნებს დაბალი განათების პირობებში ხედვის უნარზე, აღნიშნავს კვლევის ავტორი, იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის ევოლუციურ კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი ჯონა შოინიერი.

თუმცა, ღამით ნადირობა მხოლოდ კარგ მხედველობაზე არ არის დამოკიდებული; ასევე საჭიროა სპეციალიზებული მხედველობა.

ამიტომ, მკვლევრებმა შეისწავლეს ფრინველის 88 სახეობისა და 17 გადაშენებული თეროპოდის ყურების ანატომია; მათი თავის ქალის ციფრული 3D მოდელების შესაქმნელად მათ რენტგენული კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ლოკოკინას, ყურის შიდა არხის ნაწილს, რომელშიც განთავსებულია ბგერის ტალღების აღმქმელი რეცეპტორები.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე წინა კვლევები აჩვენებს, რომ ამ არხის სიგრძე ახლო კავშირშია ცხოველის სმენის ხარისხზე; შოინიერის განცხადებით, Shuvuuia-ს ყურის არხის სიგრძე მიუთითებს, რომ მას უძლიერესი სმენა უნდა ჰქონოდა.

Shuvuuia-ს ჰქონდა პროპორციულად უფრო გრძელი ლოკოკინას მილაკები, ვიდრე საუკეთესო სმენის მქონე ფრინველს, ბუხრინწას. გარდა ამისა, მისი სკლერული რგოლების ზომა მიუთითებს, რომ მას ასევე ჰქონდა წარმოუდგენლად ძლიერი ღამის ხედვა, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რომელიმე ამჟამინდელ ფრინველს“, — ამბობს შოინიერი.

სინათლისადმი მგრძნობიარე თვალებისა და უმძლავრესი სმენის კომბინაცია მიუთითებს, რომ Shuvuuia-ს უნდა ჰქონოდა ღამით მსხვერპლის დაფიქსირებისა და თავდასხმის უნარი, როგორც ბუს.

შედარებისათვის გეტყვით, რომ თეროპოდ ველოცირაპტორს, რომელიც გობის უდაბნოში Shuvuuia-სთან ერთად ცხოვრობდა, შუალედური თვალის ფორმა ჰქონდა და უფრო მწუხრისას იყო აქტიური“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კალიფორნიის სკრიპსის კოლეჯის ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი ლარს შმიტცი.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა გადაშენებულ დინოზავრში დადასტურდა სმენისა და მხედველობის ასეთი უკიდურესი სპეციალიზაცია; მხედველობისა და სმენის კომბინირებით, ეს კვლევა ასევე გვთავაზობს დინოზავრების ღამით აქტივობის საუკეთესო მტკიცებულებას.

Shuvuuia უცნაური შესახედაობის დინოზავრი იყო; მიჩნეულია, რომ ის ენათესავებოდა ისეთ მრისხანე ხორცისმჭამელ თეროპოდებს, როგორებიც იყვნენ ველოცირაპტორი და ტირონოზავრი რექსი, რომლებიც მისგან სრულიად განსხვავდებოდნენ.

„მსუბუქი ყბა ჰქონდა და მისი კბილები ბრინჯის მარცვლებს ჰგავდა. ჰქონდა დიდი თვალები, მაგრამ ძალიან პატარა ნისკარტი“, — ამბობს შოინიერი.

Shuvuuia-ს ასევე ჰქონდა საკმაოდ მძლავრი და ჩაფსკვნილი წინა კიდურები უზარმაზარი ბრჭყალით, დაახლოებით ჭიანჭველაჭამიას მსგავსად. ჰქონდა ორი გრძელი, წვრილი ფეხი, რომლებითაც საკმაოდ კარგად დარბოდა.

მძლავრი წინა კიდურებით, Shuvuuia-ს ასევე უნდა შესძლებოდა უდაბნოში თხრა და მსხვერპლის ამოყვანა.

ერთსა და იმავე გეოგრაფიულ ადგილას ერთად მცხოვრებ ცხოველებს გადარჩენისთვის ზოგიერთი რესურსის გაყოფა უწევთ, მაგრამ ზოგჯერ ამას დღისით და ღამით ნადირობის გზით ინაწილებენ.

სავარაუდოდ, ასე იყო დინოზავრებშიც; ეს კვლევა კი მხოლოდ დასაწყისია და ალბათ პალეონტოლოგები კიდევ მრავალ ღამის დინოზავრს აღმოაჩენენ.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.