აღმოჩენილია სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი გადამწყვეტი, საიდუმლო კომპონენტი
თუკი სამყაროს მასშტაბით სადმე სიცოცხლე ისევე აღმოცენდა, როგორც დედამიწაზე, საჭიროა რამდენიმე აუცილებელი ინგრედიენტი, მაგალითად — ატმოსფერო, ოზონის შრე, თხევადი წყალი და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა.
მაგრამ სანამ ყველაფერი ამ წერტილამდე მივა, იქამდეც კი, ვიდრე პლანეტა წარმოიქმნება, წინასწარ მომზადება სჭირდება თავად სივრცესაც — ახლად შექმნილი მასიური ვარსკვლავებიდან წამოსული ულტრაიისფერი და ოპტიკური სინათლის ნათება.
ახალი კვლევის მიხედვით, ვარსკვლავის შუქის ეს განსაკუთრებული ფორმა წარმოქმნის წნევის ტიპს, რომელიც გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ცნობილია, რომ გრავიტაცია ანელებს გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებელს.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, როლანდ კროკერის განცხადებით, თუკი ვარსკვლავების წარმოქმნა სწრაფად მოხდება, ვარსკვლავები გაერთიანდებიან მასიურ გროვებად, რომლებშიც ინტენსიური რადიაცია და სუპერნოვას აფეთქებები მოსპობს ყველანაირ პლანეტურ სისტემებს და თავისთავად, შეუძლებელს გახდის სიცოცხლის აღმოცენებას.
მისი თქმით, ასეთ გროვებში შეუძლებელი იქნება თავად პლანეტების წარმოქმნაც კი.
გრავიტაცია გადამწყვეტია ვარსკვლავის წარმოსაქმნელად. ვარსკვლავთა უმეტესობა იბადება ვარსკვლავურ ინკუბატორებში — კოსმოსში არსებულ მკვრივ მოლეკულურ ღრუბლებში, რომლებიც მდიდარია მტვრითა და გაზით. როცა მათში ვარსკვლავთშორისი ქარები და ხანდახან გრავიტაციული შოკური ტალღები გაივლის, მატერია ერთმანეთს უფრო ეწებება და წარმოქმნის მკვრივ გროვებს; ამის შემდეგ ისინი საკუთარი გრავიტაციითვე კოლაფსირდებიან.
გროვათა ეს კოლაფსი გრძელდება და თანდათან მოიცავს მიმდებარე მატერიასაც, ამის შემდეგ სწრაფად იზრდება მისი მასა იქამდე, ვიდრე ბირთვული სინთეზი დაიწყება და საბოლოოდ, ვარსკვლავიც აკაშკაშდება.
კროკერისა და მისი ჯგუფის კვლევის თანახმად, ვარსკვლავის სინათლის ძალიან აქტიური გამოყოფა განაპირობებს გაზის გადინებას მკვრივი, იზოლირებული პროტოგროვებიდან, რომლებშიც ვასკვლავთწარმოქმნა მეტისმეტად მაღალი მაჩვენებლით მიმდინარეობს. ეს კი საბოლოოდ, ხელს უშლის მათ შემდგომ შეერთებას და შესაბამისად, ახალი ვარსკვლავის დაბადებას.
ახლად წარმოქმნილ მასიურ ვარსკვლავთა ულტრაიისფერი და ოპტიკური სინათლე გაზში მიმოიფანტება. ამ გაზის მიერ ფოტონთა შთანთქმის შედეგად კი წარმოიქმნება პირდაპირი რადიაციული წნევა, მაშინ, როცა გაზის მიერ შთანთქმული ფოტონები ხელახლა გამოიყოფა ინფრაწითელი სინათლის სახით და წარმოქმნის არაპირდაპირ რადიაციულ წნევას.
ერთობლიობაში, ამ ორი ტიპის რადიაციულ წნევას შეუძლია წარმოქმნას უკუკავშირის წყარო — პროცესი, რომელშიც ვარსკვლავთწარმოქმნა შეფერხებულია. ასე შეიძლება იმოქმედოს გალაქტიკის ბირთვში გაწოლილი აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელიდან წამოსულმა ქარებმაც.
კროკერის განცხადებით, მათ მიერ შესწავლილი ფენომენი ხდება იმ გალაქტიკებსა და ვარსკვლავთგროვებში, სადაც არის ბევრი გაზი და მტვერი, რომელიც ვარსკვლავთა ჯგუფებს შედარებით სწრაფად წარმოქმნის.
მისივე თქმით, ზოგიერთ გალაქტიკაში, მაგალითად ირმის ნახტომში, ვარსკვლავები ნელა წარმოიქმნება, რადგან პროცესს სხვა რამეებიც აფერხებს. საშუალოდ, ირმის ნახტომში წელიწადში ორი ახალი ვარსკვლავი იბადება.
ამ პროცესის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ კროკერისა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებულმა მათემატიკურმა მოდელირებამ დაადგინა სისწრაფის ის ზედა ზღვარი, რომელზეც ახალ ვარსკვლავთა დაბადებაა შესაძლებელი. როგორც მათ გაარკვიეს, საჭიროა მოლეკულური ღრუბლის შემადგენელი გაზის ნახევარზე მეტი გადაიქცეს ვარსკვლავებად, რათა წარმოიქმნას რადიაციული წნევა და შესაბამისად, ღრუბლიდან განიდევნოს დარჩენილი გაზი.
„უკუკავშირის ეს და სხვა ფორმები სამყაროს სიცოცხლისა და სიძლიერის შენარჩუნებაში ეხმარება“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი როლანდ კროკერი.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია anu.prezly.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.