ადამიანები დედამიწის ბიომასის მხოლოდ 0,01%-ს შეადგენენ, მაგრამ მოსპეს გარეულ ცხოველთა 85% - კვლევა
ადამიანები დედამიწის ბიომასის მხოლოდ 0,01%-ს შეადგენენ, მაგრამ მოსპეს გარეულ ცხოველთა 85% - კვლევა

კაცობრიობა უბრალოდ არაფერია დედამიწის სხვა ყველა ცოცხალი ორგანიზმის მასასთან შედარებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოდგმა ასე ციცქნაა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ კვალზე, რასაც პლანეტას ვამჩნევთ.

ცოტა ხნის წინ დასრულდა მასშტაბური კვლევა, რომლის მიზანიც დედამიწის მთლიანი ბიომასის წონის განსაზღვრა იყო. აღმოჩნდა, რომ ადამიანების მასა დედამიწაზე არსებული ყველა დანარჩენი სიცოცხლის მასის მხოლოდ 0,01%-ს შეადგენს. მაგრამ მიუხედავად სხვა ფორმებთან შედარებით ჩვენი ფიზიკური უმნიშვნელობისა, ისტორია ნათლად აჩვენებს, ვინ დომინირებს პლანეტაზე.


ისრაელის ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის ბიოლოგმა რონ მილომ და მისმა კოლეგებმა სამი წელი მოანდომეს პლანეტის ბიომასის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის კომბინირებას. მათი მიზანი იყო მიეღოთ ყველაზე თანამედროვე შეფასება სიცოცხლის ყველანაირი ფორმების წონის შესახებ.

ჯგუფმა მხედველობაში მიიღო მხოლოდ ნახშირბადის შემცველობა და გამორიცხა წყალი, რადგან სხვადასხვა სახის სიცოცხლის ფორმებში მისი ოდენობა განსხვავებულია და ხშირად იცვლება. შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ პლანეტის სრული ბიომასის წონა 550 გიგატონა ნახშირბადია.

აქედან 450 გიგატონას, ანუ მთლიანი ბიომასის 80%-ს მცენარეები შეადგენს, რომელთა მასაც გაცილებით აღემატება სიცოცხლის ყველა სხვა დანარჩენი ფორმებისას. მეორე ადგილზე, 70 გიგატონით მოდის ბაქტერიები.

შემდეგია სოკოები. მათი მასა 12 გიგატონაა და ექვსჯერ აღემატებიან პლანეტის ერთად აღებულ ყველანაირ ცხოველურ ფორმას. შემდეგ მოდის არქეები (7 გიგატონა) და პროტისტები (4 გიგატონა).

საოცარია, მაგრამ ცხოველების მთლიანი წონა მხოლოდ 2 გიგატონაა, ადამიანები კი ამ მასის წარმოუდგენლად ციცქნა წილს შეადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა ბიომასის წონა მხოლოდ 0,06 გიგატონაა, მაინც 10-ჯერ აღვემატებით გარეულ ძუძუმწოვრებს, რომელთა წონაც 0,007 გიგატონაა.

მაგრამ არსებობს ძუძუმწოვრების განსხვავებული სახეობაც, რომლებიც უნიკალურად ემსახურებიან ადამიანთა საჭიროებებს — შინაური საქონელი, რომელთა მასაც ასევე დომინირებს ცხოველთა დანარჩენ სამეფოზე.

შინაური საქონელი ძირითადად შედგება მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ღორებისგან და შეადგენს დედამიწის ძუძუმწოვართა 60 პროცენტს.

რაც შეეხება ფრინველურ სიცოცხლეს, სურათი დაახლოებით იგივეა. შინაური ფრინველის ბიომასა ამ შემთხვევაში სამჯერ აღემატება გარეული ფრინველებისას.


„როდესაც ჩემს ქალიშვილებთან ერთად პაზლს ვაწყობ, როგორც წესი, ჟირაფის გვერდით სპილოა, შემდეგ მარტორქა და ა. შ. მაგრამ მსოფლიოს უფრო რეალური სურათის დასახატად, უპრიანი იქნებოდა ძროხის გვერდით ძროხა, ძროხა და ქათამი“, — უთხრა მილომ The Guardian-ს.

საქონლის მოშინაურებამდე და აგრარულ ინოვაციებამდე, ერთი სიტყვით — ინდუსტრიულ რევოლუციამდე, ბუნებრივი ლანდშაფტი გაცილებით სხვანაირი უნდა ყოფილიყო.

მკვლევრები აცნობიერებენ, რომ ძნელია ადამიანებამდელი ცხოველური ბიომასის ზუსტი შეფასება, მაგრამ როგორც მათი ანალიზები გვთავაზობს, ადამიანთა ცივილიზაციამ გარეულ ცხოველთა მთლიანი ბიომასა 85 პროცენტით შეამცირა, მცენარეების კი გაანახევრა.

მეცნიერთა თქმით, სიტუაცია საგანგაშოა და ამჟამად ვიმყოფებით იმ პროცესის შუაგულში, რომელიც თითქმის უპრეცედენტო მასობრივ გადაშენებამდე მიგვიყვანს.

„ის ფაქტი, რომ სოკოების ბიომასა ყველა სხვა ცხოველისას აღემატება, მკაფიოდ მიგვიჩენს ჩვენს ადგილს“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ჯეიმს ჰანკენი.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი