როგორ „აფეთქდა“ სიცოცხლე ოკეანის ფსკერზე - ნახევარი მილიარდი წლის ნამარხის საიდუმლო
როგორ „აფეთქდა“ სიცოცხლე ოკეანის ფსკერზე - ნახევარი მილიარდი წლის ნამარხის საიდუმლო

ოქსფორდის უნივერსიტეტის ზოოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარმა სტივენ პეიტსმა უძველეს ოკეანეთა საიდუმლოები ამოხსნა.

კოლეგებთან ერთად, პეიტსმა შეისწავლა გასული 25 წლის განმავლობაში იუტის შტატის მთებში აღმოჩენილი ნამარხები. კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უძველეს ცხოველთა ეკოსისტემების დიდ კომპლექსურობას.

მკვლევრებმა შეისწავლეს ერთ დროს წყალქვეშ მყოფი და ამჟამად მოშიშვლებული ნამარხები — უხერხემლო ცხოველთა ჯაგრის მსგავსი, მიკროსკოპული სტრუქტურები. როგორც მათ გაარკვიეს, ეს გამონაზარდები რადიოდონტებს ეკუთვნის — ამჟამად გადაშენებულ ფეხსახსრიანთა ჯგუფს, რომელიც თანამედროვე კიბორჩხალების, მწერებისა და ობობების შორეული ნათესავი იყო.

პეიტსის თქმით, კვლევის ფარგლებში მათ შეისწავლეს თანამედროვე ფეხსახსრიანთა დიდი ხნის წინ გადაშენებული ნათესავი Pahvantia hastasta, რომელიც ოკეანეში მიკროსკოპული ორგანიზმებით იკვებებოდა. გაირკვა, რომ ბადისებრი სტრუქტურის საშუალებით, ის გაცილებით პატარა პლანქტონებს იჭერდა, ვიდრე კამბრიული პერიოდის იგივე ზომის წყლის სხვა ნებისმიერი ცხოველი. პეიტსის განცხადებით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ დაახლოებით ნახევარი მილიარდი წლის წინ, წყლის მოზრდილი ცხოველების დახმარებით, ოკეანის ფსკერზე სიცოცხლის დივერსიფიკაცია დაიწყო.

დაახლოებით 540-500 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე ე. წ. კამბრიული აფეთქება მოხდა, ანუ მრავალი სხვადასხვა ცხოველის უცაბედი გამოჩენა. ამ საკითხის მრავალი დეტალი დღემდე კამათის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ის სავარაუდოდ მოიცავდა გარემოსა და ეკოლოგიურ ფაქტორებს, მკვლევართა აზრით გადამწყვეტი როლი ითამაშა ისეთი სისტემის შექმნამ, რომელიც ენერგიას პირველადი წყაროებიდან (ოკეანის ზედაპირი) ამ ფართო მრავალფეროვნებას (ოკეანის ფსკერი) გადასცემდა.

მართალია, Pahvantia საკმაოდ პატარა რადიოდონტი იყო, მაგრამ მაინც 10-1000-ჯერ უფრო დიდი იყო პლანქტონის სხვა ძირითად მომხმარებლებთან შედარებით. შესაბამისად, ოკეანის ზედაპირიდან ფსკერისკენ ენერგია გაცილებით ეფექტიანად გადაჰქონდა. ენერგიის ძირითადი წყარო, მაგალითად, ერთუჯრედიანი წყალმცენარეები იმდენად პატარები იყვნენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადგილობრივად გადამუშავდებოდნენ და ვერ აღწევდნენ ოკეანის სიღრმეში. სამაგიეროდ, მათ საკვებად იყენებდა უფრო დიდი არსება Pahvantia, რომლის ფეკალური მასებიც სწრაფად იძირებოდა ფსკერისკენ და საკვებით უზრუნველყოფდა იქ არსებულ ცხოველებს.

მეცნიერთა განცხადებით, ეს კვლევა წარმოადგენდა რადიოდონტებს შორის არსებული ევოლუციური ურთიერთობის ერთ-ერთ სრულყოფილ ანალიზს. როგორც ის აჩვენებს, კვების ფილტრი ამ ჯგუფში ორჯერ ან სამჯერ ჩამოყალიბდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რადიოდონტები კამბრიულ ეკოსისტემაში სასიცოცხლო სტრუქტურას წარმოადგენდნენ. ამ შემთხვევაში, წყლის ზედაპირიდან, ენერგიას ფსკერზე არსებულ ძლიერ მრავალფეროვან ფაუნას გადასცემდნენ.

მომზადებულია ox.ac.uk-ის მიხედვით.