აღმოჩენილია რაგბის ბურთის ფორმის ეგზოპლანეტა — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია რაგბის ბურთის ფორმის ეგზოპლანეტა — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

ჩვენს გალაქტიკაში, მზის სისტემის მიღმა, არსებობს ეგზოპლანეტების ერთი ძალიან უცნაური ქვეჯგუფი. მათ ცხელ იუპიტერებს უწოდებენ და ისინი თავიანთ დედავარსკვლავებთან იმდენად ახლოს მოძრაობენ, რომ არა მხოლოდ ძლიერ ცხელები, არამედ სავარაუდოდ, გრავიტაციული ძალების მიერ დეფორმირებულებიც არიან.

ახლახან, პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა მართლაც აღმოაჩინეს დაბრეცილი ფორმის ცხელი იუპიტერი. ჩვეულებრივი, სფერული ფორმის პლანეტებისგან განსხვავებით, ის ისეთი წაგრძელებული ფორმისაა, რომ რაგბის ბურთს წააგავს.

კოსმოსურ ტელესკოპ CHEOPS-ის ეს აღმოჩენა შეიძლება იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, როგორ ხვდებიან ეს ეგზოპლანეტები ასეთ ექსტრემალურ ორბიტებზე.

„წარმოუდგენელია, რომ CHEOPS-მა ასეთი დეფორმაციის გამოვლენა შეძლო. ამ სახის ანალიზები პირველად ჩატარდა და იმედი გვაქვს, რომ უფრო დიდხანს დაკვირვება უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის ამ პლანეტის წიაღის სტრუქტურის შესახებ“, — ამბობს პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი ჟაკ ლასკარი.

ამ ეგზოპლანეტას WASP-103b უწოდეს და ის გარს უვლის ჩვენგან დაახლოებით 1800 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს, სახელად WASP-103. ეს ეგზოპლანეტები იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტები არიან, მაგრამ იუპიტერისგან განსხვავებით, თავიანთ ვარსკვლავთა გარშემო ძალიან ახლოდან მოძრაობენ, იმდენად ახლოს, რომ ერთ შემოვლას ათ დღეზე ნაკლებს ანდომებენ. სწორედ ამიტომ არიან ძლიერ ცხელები.

პლანეტის ფორმაციის ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, ცხელი იუპიტერები რეალურად არც უნდა არსებობდნენ. ვარსკვლავთან ასე ახლოს გაზის გიგანტის წარმოქმნა შეუძლებელია, რადგან გრავიტაცია, რადიაცია და ძლიერი ვარსკვლავური ქარები გაზის ერთად შეჯგუფებას ხელს უნდა უშლიდეს.

თუმცა, ისინი მაინც არსებობს; ამ დროისათვის აღმოჩენილი და დადასტურებული 5000-მდე ეგზოპლანეტიდან, დაახლოებით 300 ცხელი იუპიტერია. მიჩნეულია, რომ ისინი საკუთარი პლანეტური სისტემის გარე მისადგომებში იბადებიან, შემდეგ კი შიგნით, ვარსკვლავის მიმართულებით გადაადგილდებიან. როგორც არ უნდა წარმოიქმნებოდნენ, მათ ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ვარსკვლავსა და პლანეტას შორის გრავიტაციულ ურთიერთქმედებათა შესახებ; შესაბამისად, ისინი ძლიერ საინტერესოა შესასწავლად.

WASP-103b პირველად 2015 წელს დააფიქსირეს, მაგრამ შემდეგ მიივიწყეს. ზომით იუპიტერზე ორჯერ დიდია, მასით კი 1,5-ჯერ აღემატება; თავის ვარსკვლავის გარშემო იმდენად ახლო მანძილზე მოძრაობს, რომ ერთ შემოვლას დაახლოებით ერთ დღეს ანდომებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის წარმოუდგენლად ცხელია, იუპიტერზე დაახლოებით 20-ჯერ ცხელი.

მიუხედავად იმისა, რომ შედარებით დიდია, მისი პირდაპირ გაზომვა შეუძლებელია. დედავარსკვლავის სინათლე მის გადანათებას იწვევს. თუმცა, მისი გაზომვა შესაძლებელია ტრანზიტით. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავსა და ჩვენ შორის ჩაივლის, რაც ვარსკვლავის სინათლეში მცირე, წუთიერ ცვლილებებს იწვევს; ცვლილება უფრო უმნიშვნელოა, როცა ის ვარსკვლავის უკან გაივლის, რასაც სინათლის გამრუდებას უწოდებენ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ტელესკოპი CHEOPS-ი ამ გამრუდებებს მაღალი სიზუსტით აფიქსირებს. დააკვირდა WASP-103-ის მრავალ ტრანზიტს. მიღებული მონაცემების საფუძველზე, ასტრონომებმა გამოთვალეს, როგორ არის ეგზოპლანეტის მასა წიაღში გადანაწილებული და მიიღეს პარამეტრების კრებული, რომელსაც Love-რიცხვებს უწოდებენ.

თავის მხრივ, ეს მონაცემები ცნობებს გვაწვდის ეგზოპლანეტის შემადგენლობის შესახებ. იმიტომ, რომ მასალის დეფორმაციისადმი მდგრადობა იმაზეა დამოკიდებული, რისგან შედგება ის.

მაგალითად, დედამიწის ოკეანეები მთვარის გრავიტაციული მიზიდვის საპასუხოდ იცვლება, მაგრამ ასე არ ხდება კონტინენტების შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, ოკეანესთან ახლოსაც ვერ მივა. შესაბამისად, პლანეტის დეფორმაციამ შეიძლება ცხადყოს ის, რისგანაც იგი შედგება — მყარია, თხევადი თუ აირადი.

მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, WASP-103b არა მხოლოდ დაახლოებით იუპიტერის ზომისაა, არამედ აქვს მისი მსგავსი შემადგენლობა და სტრუქტურაც. თუმცა, არის ოდნავ გაუხშოებული. მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერს მასით 1,5-ჯერ აღემატება, ზომით დაახლოებით ორჯერ დიდია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა გაბერილია, სავარაუდოდ, ვარსკვლავის სიცხის გამო.

„თუ სამომავლო დაკვირვებებით მისი წიაღის სტრუქტურას დავადასტურებთ, შეიძლება ისიც გავიგოთ, რამ გაბერა ის ასე. ამ პლანეტის ბირთვის ზომის დადგენა მნიშვნელოვანი იქნება მისი წარმოქმნის ამბის გასარკვევადაც“, — ამბობს პორტუგალიის ქალაქ პორტუს უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და კოსმოსის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი სუზანა ბაროსი.

ამის გარკვევაში ასტრონომებს შემდეგი დაკვირვებები დაეხმარება. ამავდროულად, შეიძლება ამოხსნან კიდევ ერთი საიდუმლოც. ცხელ იუპიტერთა უმეტესობის ორბიტული პერიოდი სულ უფრო მცირდება, რადგან ისინი საკუთარ ვარსკვლავებს თანდათან უახლოვდებიან. CHEOPS-ის დაკვირვებების თანახმად კი, WASP-103b-ის ორბიტული პერიოდი გრძელდება.

შეუძლებელია იმის თქმა, რა შეიძლება იწვევდეს ამას. ორბიტას შეიძლება არღვევდეს სხვა სხეული, ანდაც შეიძლება ორბიტა ექსცენტრიული იყოს და უწესრიგობებს იწვევდეს.

არ არის გამორიცხული, გაზომვებიც ცდებოდეს ან შეცდომა მათ დამუშავებაში მოხდა და სინამდვილეში, ორბიტული პერიოდი მცირდებოდეს. ამ თავსატეხს ნათელს მოჰფენს ვარსკვლავისა და მისი უცნაური პლანეტის სამომავლო კვლევები.

ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ამ საკითხში მათ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დაეხმარება.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.