გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე შავი პლანეტა ცეცხლოვანი აღსასრულისთვის არის განწირული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე შავი პლანეტა ცეცხლოვანი აღსასრულისთვის არის განწირული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

WASP-12b ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეგზოპლანეტაა. მდებარეობს ჩვენგან 1410 სინათლის წლის მანძილზე და გარს უვლის მზეზე ოდნავ დიდ ყვითელ ჯუჯა ვარსკვლავს. ეს ულტრა-შავი პლანეტა ე. წ. ცხელი იუპიტერის ტიპისაა — გაზის გიგანტი პლანეტა იპიტერის მსგავსი მასითა და ზომით, მაგრამ დედავარსკვლავთან იმდენად ახლოს არის, რომ წარმოუდგენლად ცხელია.

WASP-12b უფრო დაცულ პოზიციაში არც არასოდეს ყოფილა. დედავარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას ერთ დღეს ანდომებს და მასთან იმდენად ახლოს არის, რომ მისი ატმოსფეროდან მუდმივად გაედინება მატერიის ნაკადი.

თუმცა, მისი სიკვდილი აუცილებლად დედავარსკვლავის მიერ თანდათანობით გადაყლაპვით არ დადგება. დეტალური დაკვირვებებით დგინდება, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ის საკმაოდ არასტაბილურ ორბიტაზე მოძრაობს. ახალი კვლევის მიხედვით, მისი ორბიტა იმაზე სწრაფად იშლება, ვიდრე თავიდან გვეგონა.

თავდაპირველი შეფასების მიხედვით, მისი ცეცხლოვანი სიკვდილი 3,25 მილიონ წელიწადში უნდა დამდგარიყო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ აღსასრულს ის 2,9 მილიონ წელიწადში შეხვდება.

პლანეტათა ფორმაციის ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, ტექნიკურად, ცხელი იუპიტერები საერთოდაც არ უნდა არსებობდეს. გაზის გიგანტები ვარსკვლავთან ასე ახლოს ვერ უნდა წარმოიქმნებოდნენ გრავიტაციის, რადიაციისა და ინტენსიური ვარსკვლავური ქარების გამო — ყველა ეს ფაქტორი გაზის გროვების ერთად თავმოყრას და პლანეტის წარმოქმნას შეუძლებელს ხდის. თუმცა, ისინი არსებობს და ამ დრომდე აღმოჩენილია რამდენიმე ასეული ასეთი პლანეტა.

თუმცა, ისინი მაინც წარმოიქმნებიან და საკუთარ დედავარსკვლავებთან განსაკუთრებით ახლოს მოძრავი ცხელი იუპიტერები გალაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ეგზოპლანეტებია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ პლანეტასა და ვარსკვლავს შორის არსებული გრავიტაციული ურთიერთქმედებების შესახებ.

WASP-12b თავის დედავარსკვლავთან ყველაზე ახლომდებარე ცხელ იუპიტერებს შორისაა. შესაბამისად, ის ბრწყინვალე სამიზნე იყო გრავიტაციულ ურთიერთქმედებათა შესასწავლად.

ის 2008 წელს აღმოაჩინეს და შესაბამისად, ასტრონომებმა მის შესახებ მონაცემთა შედარებით გრძელვადიანი ბაზა შექმნეს; მოკლე ორბიტის წყალობით, შეგვიძლია დავაკვირდეთ მის ძალიან ბევრ ტრანზიტს. ტრანზიტს უწოდებენ მოვლენას, როდესაც ეგზოპლანეტა ჩვენსა და თავის ვარსკვლავს შორის გაივლის, რაც ვარსკვლავის სინათლის ოდნავ ჩაბნელებას იწვევს.

2017 წელს ასტრონომებმა WASP-12b-ს ტრანზიტებში რაღაც უცნაური შენიშნეს. ისინი წამის მხოლოდ იმ რაღაც ნაწილებში ხდებოდა, რაც ორბიტული პერიოდის წინა გაზომვებზე დაყრდნობით უნდა ყოფილიყო.

დროის ეს ოდნავი ცვალებადობა ეგზოპლანეტის ორბიტის მიმართულების ცვლილება უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, მკვლევრებმა გადაწყვიტეს, შეესწავლათ არა მხოლოდ მისი ტრანზიტები, არამედ დაჩრდილული მომენტებიც, როდესაც ეგზოპლანეტა ვარსკვლავის უკან გაივლის. თუ WASP-12b ორბიტა ცვლილებას განიცდის, მაშინ დაჩრდილვები ცოტა უფრო დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო. მკვლევართა ჯგუფს პრინსტონის უნივერსიტეტის ასტრონომი სამუელ იე ხელმძღვანელობდა.

ტრანზიტი ვარსკვლავის სინათლის ოდნავ ჩაბნელებას იწვევს, დაჩრდილვა კი კიდევ უფრო მცირე ჩაბნელებას. ამის მიზეზი ის არის, რომ ეგზოპლანეტა ვარსკვლავის სითბოსა და სინათლეს ირეკლავს და სისტემის ზოგად სიკაშკაშეს უფრო აძლიერებს, როდესაც ის ვარსკვლავის უკან არ არის.

WASP-12b ოპტიკურად ძალიან ბნელია; ის მასზე დაშუქებული სინათლის 94 პროცენტს შთანთქავს და შედეგად, ასფალტზე უფრო შავია.

ასტრონომთა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ეგზოპლანეტა ზედმეტად ცხელია, 2600 გრადუსი ცელსიუსი განათებულ მხარეს; იქ წყალბადის მოლეკულები ატომურ წყალბადად იშლება და მისი ატმოსფერო უფრო დაბალმასიანი ვარსკვლავივით იქცევა. თუმცა, იმის გამო, რომ ის ასეთი ცხელია, კაშკაშებს ინფრაწითელ დიაპაზონში.

დაჩრდილვებზე დაკვირვებისთვის, იეს ჯგუფმა სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვარსკვლავ WASP 12-ს 16 ორბიტული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მონაცემებში მხოლოდ ოთხი მკრთალი დაჩრდილვა დააფიქსირეს. თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ეს დაჩრდილვები ტრანზიტებს უნდა დამთხვეოდა, მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაჩრდილვები უფრო სწრაფად ხდებოდა, რაც წელიწადში ორბიტის 29 მილიწამით მოშლას შეესაბამებოდა. შედეგად, ასტრონომებმა ამ მაჩვენებლის საფუძველზე გამოთვალეს, რომ პლანეტა კიდევ 3,25 მილიონ წელიწადს იცოცხლებს.

ამის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომ ჯეიკ ტარნერის ხელმძღვანელობით, ორბიტული დაშლის ნიშნების ძებნა სხვა მონაცემებში სცადა — NASA-ს პლანეტებზე მონადირე ტელესკოპ TESS-ის მონაცემებში; ამ ტელესკოპის მთავარი საქმიანობა ტრანზიტებზე და დაჩრდილვებზე დაკვირვებაა.

ცის იმ რეგიონს, რომელშიც WASP-12 მდებარეობს, TESS-ი 2019 წლის 24 დეკემბრიდან 2020 წლის 20 იანვრამდე აკვირდებოდა. ამ მონაცემებში ჯგუფმა 21 ტრანზიტი იპოვა. დაჩრდილვები იმდენად მკრთალი იყო, რომ ინდივიდუალურად დაფიქსირება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჯგუფმა მათი მოდელირება შეძლო.

ამ ტრანზიტების და დაჩრდილვების დროები დროითი ანალიზის წინა მონაცემებს შეურწყეს. ამის შემდეგ, ტარნერმა და მისმა ჯგუფმა შეძლო დაედასტურებინა, რომ პლანეტა WASP-12b-ის ორბიტა მართლაც იშლება, მაგრამ იმაზე ოდნავ სწრაფად, ვიდრე აქამდე გვეგონა — წელიწადში 32,53 მილიწამით და ამ მაჩვენებლით, პლანეტა კიდევ 2,9 მილიონ წელიწადს იცოცხლებს.

შეიძლება დიდი დრო ჩანდეს, მაგრამ კოსმოსური დროის თვალსაზრისით, ეს უბრალოდ თვალის დახამხამებაა. ამავე დროს, გაცილებით ცოტაა, ვიდრე წინა შეფასებები. მანამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პლანეტა კიდევ 10 მილიონ წელიწადს იცოცხლებდა, იქამდე, ვიდრე თავის დედავარსკვლავი ატმოსფეროს მთლიანად შემოაცლის.

WASP-12b-ის კვლევამ შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვასწავლოს. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნამდვილად ვიცით, რომ ორბიტა ეშლება, არის სხვა ცხელი იუპიტერებიც, რომლებსაც ორბიტული დაშლის იგივე მაჩვენებლები უნდა ჰქონდეს.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.