აღმოჩენილია „აკრძალული პლანეტა“, რომელიც წესით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს
აღმოჩენილია „აკრძალული პლანეტა“, რომელიც წესით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს

გავარვარებულ ვარსკვლავთან მიახლოებისას, არის რეგიონი, რომელშიც შეუძლებელია არსებობდეს ნეპტუნის მსგავსი, საშუალო ზომის პლანეტები. ეს რეგიონები ნეპტუნის ცხელი უდაბნოს სახელით არის ცნობილი და გამოირჩევა ძლიერი რადიაციითა და სიცხით. როგორც ახალი კვლევის შედეგად ირკვევა, ისინი შესაძლოა, არც ისე არასტუმართმოყვარე იყოს, როგორც აქამდე გვეგონა.

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ცხელი გაზოვანი პლანეტა, რომელიც საკმაოდ კომფორტულად მოძრაობს თავის დედავარსკვლავთან საკმაოდ ახლოს.

ზედმეტსახელად მას „აკრძალული პლანეტა“ უწოდეს, ოფიციალურად კი NGTS-4b ჰქვია და წარმოადგენს აქამდე აღმოჩენილ საშუალო ზომის პირველ ეგზოპლანეტას, რომელიც ნეპტუნის უდაბნოში მოძრაობს. მიუხედავად 1000 გრადუსი ცელსიუსისა, მისი არამდგრადი ატმოსფერო ჯერაც არ აორთქლებულა.

უორვიკის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, რიჩარდ ვესტის განცხადებით, ეს პლანეტა მდებარეობს ზონაში, რომელშიც ფიქრობდნენ, რომ ნეპტუნის ზომის პლანეტები ვერ გადარჩებოდნენ.

ეს „აკრძალული პლანეტა“ დედამიწაზე სამჯერ დიდია და აქვს იგივე ზომის ორბიტა, თუმცა დედავარსკვლავს გარს უვლის სულ რაღაც 1,3 დღეში.

ასეთი ვიწრო ორბიტების მქონე ეგზოპლანეტების აღმოჩენა საკმაოდ რთულია. ცაზე დაკვირვებისას, ასტრონომები როგორც წესი, ეძებენ ჩაბნელებებს შორეულ ვარსკვლავთა სინათლეში, რაც ძირითადად გამოწვეულია მის გარშემო მოძრავი პლანეტებით.

მიწისპირზე განთავსებული ტელესკოპებით, ასტრონომებს შეუძლიათ ვარსკვლავის სინათლის 1 პროცენტით ან მეტით ჩაბნელების დაფიქსირება. თუმცა, ახლახან მათ გამოიყენეს ახალი ხელსაწყო, სახელად Next Generation Transit Survey, რომლითაც ცას 272 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად, ასტრონომებმა დააფიქსირეს უმცირესი ჩაბნელებებიც კი, მაგალითად, ვარსკვლავის სინათლის 0,13 პროცენტიანი ჩაბნელება.

რიჩარდ უესტის განცხადებით, მიწისპირა ხელსაწყოებით ასეთი აღმოჩენა აქამდე არასოდეს გაკეთებულა.

ამ უიშვიათესი ოაზისის აღმოჩენამ უესტი და მისი კოლეგები საგონებელში ჩააგდო და უკვე ფიქრობენ, რომ ნეპტუნის უდაბნოები შესაძლოა, სულაც არ იყოს ისე სასტიკი და მკაცრი. ისინი პლანეტას ამჟამად რეგიონს აქტიურად იკვლევენ და ცდილობენ გაარკვიონ, როგორ გადარჩა საერთოდ.

ე. წ. ცხელ იუპიტერებსა და სუპერდედამიწებს, რომლებიც დედავარსკვლავთან ასევე ძალიან ახლოს მოძრაობენ, არ გააჩნიათ ატმოსფეროს ზედა ნაწილი, რადგან ის კოსმოსშია გატყორცნილი.

მიჩნეულია, რომ ე. წ. თბილი ნეპტუნები, რომლებიც ამ უდაბნოს განაპირა რეგიონებში მოძრაობენ, სწორედ „ცხელი ნეპტუნებისგან“ არის წარმოქმნილი, რომლებმაც აორთქლების შედეგად ზედმეტად ბევრი წყალბადი დაკარგეს.

როგორც ჩანს, აკრძალული პლანეტა ყველა ამ წესს არღვევს. მისი რადიუსი ნეპტუნის ოთხი-მეხუთედია, ტემპერატურა კი 1200 გრადუსი ცელსიუსით მეტი. მიუხედავად ამისა, ის თავის გაზის საბურველს მაინც ინარჩუნებს. ასტრონომებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ ახერხებს ამას ეს პლანეტა, მაგრამ აქვთ რამდენიმე იდეა.

ავტორთა განცხადებით, პლანეტა NGTS-4b ნეპტუნის უდაბნოში შეიძლება იმის გამო გადარჩა, რომ აქვს ბირთვის უჩვეულოდ მაღალი მასა. შესაძლებელია ისიც, რომ ამჟამინდელ ახლო ორბიტაზე ის ვარსკვლავური აქტივობის მაქსიმუმის ეპოქის შემდეგ გადასახლდა.

ასტრონომები სხვა მსგავსი პლანეტების ძებნას აგრძელებენ და იმედი აქვთ, უახლოეს მომავალში მრავალ ახალ დეტალს გაარკვევენ.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.