რა განასხვავებს ადამიანს სხვა ცხოველებისგან? მწვავე კითხვაა, რომელზე პასუხიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, არის ბუნების ერთ-ერთი ძალის კონტროლი — ცეცხლის.
ბრიტანელი პრიმატოლოგი რიჩარდ რენგემი ე. წ. სამზარეულოს ჰიპოთეზის დიდი მომხრეა. დღეისათვის არ არსებობს ადამიანთა პოპულაცია, რომელიც საჭმლის მომზადების გარეშე ცხოვრობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ძლიერი და აუცილებელი უნარია.
რენგემი ირწმუნება, რომ ევოლუციური გადასვლა ნედლიდან მომზადებულ საკვებზე „გარდამტეხი მომენტი“ იყო, რომელიც ადრეულ ადამიანთა მუცლებს აძღობდა და მათი თავის ტვინიც გაზარდა, რამაც სათავე დაუდო ჩვენი გვარის და საბოლოოდ სახეობის წარმოშობას.
ისრაელში გაკეთებული ახალი აღმოჩენა ამ იდეას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის.
მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ სექტორში მომუშავე მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს პრეისტორიულ ადამიანთა მიერ საკვების მომზადების ყველაზე ადრეული ნიშნები.
არქეოლოგიურ ძეგლ გეშერ-ბენო-იაქოვზე აღმოჩენილ კობრის მსგავს თევზის ნარჩენებს 7800 წლის წინ ფრთხილად გაცხელების ნიშნები ეტყობა.
ეს აღმოჩენა ადრეულ ადამიანთა მიერ ცეცხლის კონტროლირებული გამოყენების უძველესი მტკიცებულება არ არის, მაგრამ უძველესი მტკიცებულებაა ევრაზიაში. აფრიკაში, ჰომო ერექტუსთა 1,5 მილიონი წლის წინანდელ ძეგლებზე ნაპოვნია ნახშირი და დამწვარი ძვლები.
თუმცა, ეს მხოლოდ დამწვრობის არაპირდაპირი ნიშნებია და არა საკვების მომზადების აშკარა ნიშნები. ამ უკანასკნელის მტკიცებულების პოვნა გაცილებით რთულია.
უფრო მეტიც, საკვების მომზადების ნიშნები არქეოლოგიურ მასალაში ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების გამოჩენიდან დიდი ხნის შემდეგაც არ ჩნდება. ბოლო დრომდე, საკვების მომზადების უძველეს მტკიცებულებას წარმოადგენდა აფრიკაში, მიწისქვეშა ღუმელში აღმოჩენილი სახამებლიანი მცენარეების გაცხელებული ნარჩენები. ეს ძეგლი მხოლოდ 170 000 წლის წინანდელია.
ანუ, ისრაელში, მკვდარი ზღვის სიახლოვეს ხეობაში, ადრეული ადამიანები ამაზე 600 000 წლით ადრე ამზადებდნენ თევზს.
„დაზუსტებით არ ვიცით, როგორ ამზადებდნენ თევზს, მაგრამ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების მტკიცებულების ნაკლებობის გამო აშკარაა, რომ ისინი პირდაპირ ცეცხლზე მომზადებული არ არის, ანუ არ წარმოადგენდა ცეცხლზე დასაწვავად დაგდებულ ნარჩენებს“, — ამბობს ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის არქეოლოგი ჯენს ნაიორკა.
ძეგლზე აღმოჩენილი მტკნარი წყლის უძველესი თევზის კბილებზე ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზების მიხედვით, ის დაჭერილია ტბაში, რომელიც დღეს აღარ არსებობს; მომზადების მიზნით, თევზი შესაბამის ტემპერატურაზეა დამუშავებული.
ეს აღმოჩენა ჩვენი წინაპრების მიერ ცეცხლის კონტროლის თარიღს უკან, შუა პლეისტოცენის პერიოდში სწევს, იმ დროში, როდესაც ჰომო ერექტუსის პოპულაციებმა გზა დაუთმეს დიდტვინიან ჰომინინებს, მაგალითად, ჰაიდელბერგელ ადამიანს (Homo heidelbergensis).
„საკვების მომზადებისათვის საჭირო უნარების შეძენა მნიშვნელოვანი ევოლუციური წინსვლაა, რადგან ამან საკვების რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საშუალება გააჩინა. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ მომზადება მხოლოდ თევზით არ შემოიფარგლებოდა და ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ცხოველებსა და მცენარეებსაც“, — განმარტავს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგი ნაამა გორენ-ინბარი.
გეშერ-ბენო-იაქოვი არის ძეგლი, რომელიც მდიდარია უძველეს ჰომინინთა ნაშთებით. არქეოლოგებს იქ აღმოჩენილი აქვთ კაჟის, ბაზალტისა და ქვიშაქვის იარაღები, ასევე ხილი, თხილეული, თესლები და ხმელეთის მრავალი სახეობის ძუძუმწოვრის ნაშთები.
ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, ვინც ამ ხეობაში ცხოვრობდა, აშკარაა, რომ მიწას კარგად იცნობდა. თუმცა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ პოპულაციას აყვავების საშუალება სწორედ მტკნარი წყლის ჰაბიტატის ცოდნამ მისცა.
შეიძლება სწორედ ეს დაეხმარა ადამიანებს აფრიკის კონტინენტის დატოვებასა და მის მიღმა ცხოვრებაში. ერთი მტკნარწყლიანი ჰაბიტატიდან მეორეში გადასვლით, ჰომინინებს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონოდათ მტკნარი წყალი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი სურსათი.
მეცნიერები უკვე წლებია ირწმუნებიან, რომ ადამიანის თავის ტვინის ასე ძლიერ კომპლექსურ სისტემად გადაქცევა განაპირობა ომეგა ცხიმოვანი მჟავებით, თუთიით და სხვა გადამწყვეტი საკვები ნივთიერებებით მდიდარმა თევზის ჭამამ.
ადრეული ჰომინინები ალბათ არც უმ ხორცზე ამბობდნენ უარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი წინაპრების კვების რაციონში მომზადებული თევზი გამოჩნდა, უნდა გაადვილებულიყო მისი მონელება და ადამიანებიც თავს აარიდებდნენ მრავალი სასიკვდილო პათოგენის მიღებას. ამას გარდა, ჰომინინების თავის ტვინს საკვები ნივთიერებებით უფრო დიდ სტიმულირებას მისცემდა.
ისრაელში აღმოჩენილი ეს „თევზის ველი“ შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს კაცობრიობის კულინარიული ოსტატობისა…
კვლევა Nature Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.