აღმოჩენილია მწერიჭამია მცენარეები, რომლებიც მსხვერპლის დასაჭერად ხაფანგებს მიწისქვეშ ზრდიან — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია მწერიჭამია მცენარეები, რომლებიც მსხვერპლის დასაჭერად ხაფანგებს მიწისქვეშ ზრდიან — #1tvმეცნიერება

ხშირად გვგონია, რომ მცენარეები ჩუმი, წყნარი ორგანიზმებია, რომლებსაც არც საკუთარი თავის დახმარება შეუძლია და არც თავდაცვა. თუმცა, ყველა მცენარე უსაფრთხო როდია.

მწერიჭამია მცენარეები, როგორც სახელიც მიუთითებს, მსხვერპლს ჭამენ — ძირითადად ხოჭოებს, მაგრამ ხანდახან პატარა ზომის ცხოველებსაც და სხვა საკვებით მდიდარ მასალებს.

თავიდან შეიძლება ღამის კოშმარად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ეკოლოგიურად უნიკალურ მცენარეებს ჩვენგან დაცვა სჭირდება, საფრთხის ქვეშ მყოფ სხვა ორგანიზმთა მსგავსად. ამასობაში კი, ჯერ კიდევ ვპოულობთ ამ მწერიჭამია მცენარეთა ისეთ მაგალითებს, რომლებიც აქამდე არასოდეს შეგვინიშნავს.

მეცნიერები იუწყებიან, რომ ახლახან, კუნძულ ბორნეოს ინდონეზიურ ნაწილში აღმოაჩინეს მწერიჭამია მცენარის აქამდე უცნობი სახეობა.

ახლად აღმოჩენილ სახეობას Nepenthes pudica უწოდეს და წარმოადგენს დოქისებრ მწერიჭამია მცენარეს, რომელიც მსხვერპლს ისეთი გზით ჭამს, როგორც ბოტანიკოსებს ჯერ არ აღურიცხავთ.

„აღმოვაჩინეთ დოქისებრი მცენარე, რომელიც ძლიერ განსხვავდება ყველა სხვა ცნობილი სახეობისგან“, — ამბობს ჩეხეთის ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის ბოტანიკოსი მარტინ დანშაკი.

ის, რითაც თავის მწერიჭამია თანამოძმეთაგან N. pudica განსხვავდება, არის თუ სად და როგორ ათავსებს თავის დოქის ფორმის ხაფანგებს მსხვერპლთა დაჭერის მიზნით.

როგორც წესი, დოქსიებრ მცენარეებს ეს ღრუიანი, ფიალის მსგავსი მილები მიწის ზემოთ ეზრდებათ, როგორც ნიადაგზე, ისე ხეებზე; მათი შიდა სივრცის ზედაპირი სრიალაა, რაც იქ ჩავარდნილ ნებისმიერ მწერს უკან ამოსვლას ურთულებს.

მას შემდეგ, რაც ამ ღრუს ფსკერზე მოემწყვდება, მწერებს კარგად შლის საჭმლის მომნელებელი წვენები. N. pudica-ს დოქისებრი მწერიჭამია მცენარეთა ეს თვისება სრულიად ხელახლა არ გამოუგონია, მაგრამ გარკვეულწილად შეცვალა სცენარი.

კუნძულ ბორნეოს პროვინცია ჩრდილოეთ კალიმანტანში 2012 წელს ჩატარებული საველე ექსპედიციისას, მკვლევრებმა შენიშნეს მცენარე ნეპენტესები (ასევე დოქისებრი), რომლებსაც მათდა გასაკვირად დოქისებრი სტრუქტურები არ ჰქონდათ, მაგრამ შენიშნეს, დეფორმირებული „დოქები“, რომლებიც მიწიდან იყო ამოყოფილი.

შემდეგი კვლევებისას, მიწისპირს მოაცალეს ხავსი საფარი და გამოავლინეს მიწისქვეშ დამალული ასეთი სხვა დოქი, რომლებიც მიწაზე გართხმული ღეროებიდან იყო გამოზრდილი, თითქოს სპეციალურად მიწაში ბინადარი მწერების დასაჭერად.

„სახეობა თავის 11 სანტიმეტრამდე სიგრძის დოქებს მიწისქვეშ ან პირდაპირ მიწაში ზრდის, სადაც ისინი სიღრუეებს წარმოქმნიან და იჭერენ მიწისქვეშ ბინადარ ცხოველებს, ძირითადად ჭიანჭველებს, ტკიპებს და ხოჭოებს“, — ამბობს დანშაკი.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილი იყო სხვადასხვა გვარის მწერიჭამია მცენარეები, რომლებიც საკუთარ ხაფანგებს მიწისქვეშ ზრდიან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი რამ დოქისებრი ხაფანგის მქონე მცენარეებში აღმოაჩინეს. საერთო ჯამში, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა და შეისწავლა 17 ასეთი N. pudica, რომელთაგან მრავალს აღენიშნებოდა, რომ მსხვერპლი მათში უკვე დაშლილი და მონელებული იყო.

ამას გარდა, N. pudica საკმაოდ მაღალ ზონებში იზრდება, ზღვის დონიდან 1100 – 1300 მეტრზე მდებარე მთის ქედზე.

მეცნიერები სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევენ მცენარის ამ გზით განვითარების მიზეზად.

„ჩვენი აზრით, მიწისქვეშა სიღრუეს უფრო სტაბილური გარემო პირობები აქვს, მათ შორის ტენიანობა და შესაბამისად, მშრალ სეზონებზე იქ სავარაუდოდ უფრო მეტი პოტენციური მსხვერპლი უნდა იყოს“, — ამბობენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ PhytoKeys-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.