აღმოჩენილია მონსტრი შავი ხვრელის გრავიტაციულ აბლაბუდაში ჩაჭედილი ექვსი გალაქტიკა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია მონსტრი შავი ხვრელის გრავიტაციულ აბლაბუდაში ჩაჭედილი ექვსი გალაქტიკა — #1tvმეცნიერება

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ექვსი გალაქტიკა, რომლებიც დიდი აფეთქებიდან მალევე, გიგანტურმა შავმა ხვრელმა ჩაიჭირა თავის გრავიტაციულ აბლაბუდაში.

მიჩნეულია, რომ სამყაროს ადრეულ ისტორიაში გაჩენილი შავი ხვრელები პირველი ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოიქმნა, მაგრამ ასტრონომები ჯერ გადაჭრით ვერ ხსნიან, როგორ გახდნენ ისინი გიგანტები.

ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელი ეკუთვნის პერიოდს, როდესაც სამყარო ჯერ მილიარდი წლისაც არ იყო და აქვს ჩვენს მზეზე მილიარდჯერ მეტი მასა. აღმოაჩინე ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ჩილეში მდებარე ძალიან დიდმა ტელესკოპმა (VLT).

მეცნიერთა განცხადებით, ეს აღმოჩენა დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ განვითარდნენ და როგორ შეიძინეს ამხელა მასა ამგვარმა სუპერმასიურმა შავმა ხვრელებმა. ასეთი შავი ხვრელი მოთავსებულია ირმის ნახტომის ცენტრშიც და მას ოთხ მილიონამდე მზის მასა აქვს.

ასტრონომთა აზრით, ახლად აღმოჩენილი გალაქტიკათგროვის ფილამენტებს საკმარისი გაზი აქვს, რათა შავი ხვრელი „გამოეკვება“ და გაეზარდა.

„კოსმოსური ქსელის ფილამენტები აბლაბუდას ჰგავს. გალაქტიკები დგანან და იზრდებიან იქ, სადაც ფილამენტები ერთმანეთს კვეთს და მათ გასწვრივ გაედინება გაზის ნაკადები, რომლებიც კარგი საკვებია როგორც გალაქტიკების, ისე ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელისათვის“, — ამბობს იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ასტრონომი მარკო მინოლი.

მისივე თქმით, ამ დრომდე არ გვქონდა ადრეული სამყაროს ასეთი უზარმაზარი შავი ხვრელების არსებობის კარგი ახსნა.

მკვლევართა განცხადებით, აბლაბუდას სტრუქტურა შეიძლება წარმოიქმნა ბნელი მატერიის დახმარებით, რომელსაც ადრეულ სამყაროში უზარმაზარი ოდენობის გაზი უნდა მიეზიდა.

„ჩვენი აღმოჩენა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ყველაზე შორეული და მასური შავი ხვრელები წარმოიქმნა და გაიზარდა ბნელი მატერიის ჰალოებს შიგნით, ფართომასშტაბიან სტრუქტურებში; ის ფაქტი, რომ ასეთი სტრუქტურები აქამდე აღმოჩენილი არ გვქონდა, მხოლოდ დაკვირვებებში არსებული შეზღუდვებით უნდა იყოს განპირობებული“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასტრონომი კოლინ ნორმანი.

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის განცხადებით, მთლიანი აბლაბუდა ზომით ირმის ნახტომზე 300-ჯერ დიდია.

ამავე დროს, ეს გალაქტიკები ერთ-ერთი ყველაზე მკრთალია, რისი შემჩნევაც ამჟამინდელ ტელესკოპებს შეუძლიათ. შესაბამისად, მათი აღმოჩენა მხოლოდ მსოფლიოს უდიდესი ოპტიკური ტელესკოპებით იყო შესაძლებელი, ისეთით, როგორითაც აღმოაჩინეს — ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT).

„გვჯერა, რომ ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერი ვიხილეთ და ამ სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო აღმოჩენილი რამდენიმე გალაქტიკა მხოლოდ ყველაზე კაშკაშებია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ბარბარა ბალმავერდე.

ეს კვლევა უახლესია ამ კოსმოსური მონსტერების წარმოქმნის საიდუმლოს ამოხსნისთვის მიმდინარე სხვა უამრავ კვლევას შორის. სექტემბერში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს შავი ხვრელი სახელად GW190521, რომელიც ორი პატარა შავი ხვრელის შერწყმის შედეგად არის წარმოქმნილი.

აღმოჩენა შესაძლებელი გახდა შვიდი მილიარდი წლის წინ ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებით. შედეგად წარმოქმნილი GW190521-ის მასა 142 მზის მასას უდრის და ამ დრომდე აღმოჩენილი პირველი „შუალედურმასიანი“ შავი ხვრელია.

მეცნიერთა განცხადებით, ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს ამჟამინდელ თეორიებს სუპერმასიურ შავ ხვრელთა წარმოქმნის შესახებ და მიუთითებს, რომ შეიძლება, ისინი საშუალო ზომის შავ ხვრელთა მრავალი შეჯახების შედეგად ჩნდებიან.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი