აღმოჩენილია მიკრობი, რომელიც კოღოებს მალარიის გავრცელების უნარს უბლოკავს
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში COVID-19-ის თემა დომინირებს, პანდემიის გამო არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა დაავადებებიც, მათ შორის მალარია, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ სახიფათოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაფიქსირდა კოღოების მიერ გადატანილი ამ დაავადების 228 მილიონი შემთხვევა და გარდაიცვალა 405 000 ადამიანი.
თუმცა, ახალმა კვლევამ შეიძლება მიაგნო მალარიის გავრცელების შესაჩერებელ სრულიად ახალ, ძლიერ ეფექტიან გზას. რაც ყველაზე საინტერესოა, ის თავად კოღოებში იმალებოდა.
მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ კოღოებში არსებული ერთუჯრედიანი ახალი ტიპის მიკრობი, სახელად მიკროსპორიდია MB (Microsporidia MB), რომლებიც სპორებს წარმოქმნის, გამოირჩევა Plasmodium falciparum-ის გადაცემის შეჩერების გასაოცარი უნარით; Plasmodium falciparum კი არის ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტი, რომელიც მალარიის შემთხვევათა უმეტესობას იწვევს.
მიკრობი არ აზიანებს თავად კოღოებს და თუ მიკროსპორიდია MB-ის გავრცელებას გავზრდით ადგილობრივი კოღოების პოპულაციებში, შეიძლება, მალარია ისე შევაჩეროთ, რომ დანარჩენი ეკოსისტემა არ დავაზიანოთ.
„წარმოგიდგენთ სავარაუდოდ არაპათოგენურ მიკროსპორიდიას კენიაში გავრცელებული არაბული ანოფელესის (კოღოს სახეობა) საველე პოპულაციიდან“, — წერია კვლევაში.
მკვლევართა განცხადებით, მიკროსპორიდია MB არის მიკრობი, რომელიც ასუსტებს პლაზმოდიუმის (პარაზიტული უმარტივესების გვარი) გადადებას, რომელიც არავირუსულია და გადაეცემა ვერტიკალურადლ მათივე თქმით, ამ მიკრობის კვლევა შესაძლებელია მალარიის გადადების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში.
მოსაზრება, რომ კოღოს მიკრობმა შეიძლება დაავადების გადადება შეაჩეროს, სულაც არ არის ახალი. ვოლბახიამ (Wolbachia), ბაქტერიის გვარმა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება კოღოების პოპულაციებში, წარმოუდგენელი პოტენციალი აჩვენა დენგეს ცხელებისა და მწერების მიერ გადატანილი სხვა ინფექციების მოსასპობად.
„დენგეს, ანუ კოღოს მიერ გადატანილი ვირუსის გასაკონტროლებლად ჩვენ უკვე ვიყენებთ გადადების დამბლოკავ სიმბიონტ მიკრობ ვოლბახიას. სიმბიონტ (თანამცხოვრები ორგანიზმი) მიკროსპორიდია MB-ს აქვს გარკვეულწილად იგივე მახასიათებლები, რის გამო, მას საკმაოდ მიმზიდველი პოტენციალი აქვს მალარიის საკონტროლებლად იგივე მიდგომის შესაქმნელად“, — ამბობს გლაზგოს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ სინკინსი.
კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ კენიაში საველე კვლევებისას დაჭერილი კოღოების ანალიზის შედეგად, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ იმ კოღოებს, რომლებსაც ორგანიზმში მიკრობი მიკროსპორიდია MB ჰყავდათ, არ ჰყავდათ მალარიის პარაზიტი. მაშინაც კი, როდესაც მათ კოღოებს ინფიცირებული სისხლი დაალევინეს, მიკროსპორიდია MB-ის შემცველ ინდივიდებს ინფექციის დონე შეუმცირდათ და აღარ დაფიქსირდა მალარიის პარაზიტის სპორების ნიშნები.
გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსპორიდია MB დედის ხაზით გადაეცემა, მას შემდეგ, რაც ის კოღოების პოპულაციაში მოხვდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს. როგორც მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, მათ მიერ შესწავლილ ზოგიერთ ზონაში კოღოების პოპულაციის ცხრა პროცენტს უკვე ჰყავდა მალარიის გამანადგურებელი მიკრობები.
ჯგუფს იმედი აქვს, რომ სხვა კვლევების შედეგად დადგინდება, შესაძლებელია თუ არა მიკროსპორიდია MB-ის რაოდენობის გაზრდა კოღოების პოპულაციაში, რისი საბოლოო მიზანიც მალარიის მაჩვენებლების შემცირებაა.
მათივე თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები გვთავაზობს ისეთ საკვანძო ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმის დასადგენად, როგორ შეიძლება გავავრცელოთ კოღოებში ბაქტერია მიკროსპორიდია MB მალარიის გასაკონტროლებლად.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია gla.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.