აღმოჩენილია ხმელეთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ძუძუმწოვრის ნამარხი — ის მარტორქა იყო #1tvმეცნიერება
ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში 26,5 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ის დედამიწის ისტორიაში ხმელეთის ერთ-ერთ უდიდეს ძუძუმწოვარს, ამჟამად გადაშენებულ გიგანტურ მარტორქას ეკუთვნის.
ნამარხი გამორჩეულად კარგად არის შემონახული; დეტალური ანალიზების შემდეგ, მეცნიერებმა მას Paraceratherium linxiaense უწოდეს და ურქო მარტორქის ოჯახის ევრაზიაში აღმოჩენილი მეექვსე სახეობაა.
ნადირის ზუსტი ზომის დადგენა მხოლოდ თავის ქალის საფუძველზე რთულია, მაგრამ როგორც პარაცერათერიუმის (Paraceratherium) სხვა ნამარხები მიუთითებს, ამ არსებებს ოთხი საოცრად წვრილი ფეხი ჰქონდათ, მხრების სიმაღლე კი 4,8 მეტრამდე აღწევდა, რაც დაახლოებით თანამედროვე ჟირაფების ზომაა. დღევანდელი მარტორქების სიმაღლე იშვიათად აღწევს ორ მეტრს.
რაც შეეხება მასას, ამ მხრივ ის ნამდვილი ხმელეთის ბეჰემოთი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სრული ჩონჩხის არქონის გამო ზუსტი მასის დადგენა რთულია, ის სავარაუდოდ 11-20 ტონამდე უნდა ყოფილიყო — ანუ 3-5 აფრიკული სპილო ერთად.
თავის ქალის საფუძველზე გაკეთებული შეფასებიდან გამომდინარე, მკვლევრები ფიქრობენ, რომ P. linxiaense საკუთარ გვარში უდიდესი გიგანტური მარტორქა უნდა ყოფილიყო.
გიგანტური მარტორქების სხვა ნამარხებისგან განსხვავებით, ახლად აღმოჩენილ სახეობას შედარებით მოკლე ხორთუმი და გრძელი კისერი, უფრო ღრმა ცხვირის ღრუ.
ამ ყველაფრის გამო, ის უფრო მეტად ჰგავს გიგანტურ მარტორქა P. lepidum-ს, რომელიც ყაზახეთში და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის სხვა რეგიონებშიც აღმოაჩინეს. სამხრეთში აღმოჩენილი სხვა სახეობა, სახელად P. bugtiense უფრო პატარაა და შედარებით მოკლე ცხვირის ღრუ აქვს.
ნამარხების კვალი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ გიგანტური მარტორქები ერთ დროს მონღოლეთის პლატოდან გადასახლდნენ ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთსა და ყაზახეთში, შემდეგ კი პაკისტანამდე ჩავიდნენ, სავარაუდოდ, ტიბეტის გავლით.
როგორც ჩანს, თითოეულ ადგილას მათი გვარი ძლიერ სპეციალიზებული გახდა საკუთარი გარემოსადმი, რამაც სხვადასხვა სახეობად განშტოებები გამოიწვია; ეს ოლიგოცენის ხანაში უნდა მომხდარიყო, დაახლოებით 34-23 მილიონი წლის წინ.
მკვლევართა მიერ ჩატარებული ფილოგენეტიკური ანალიზები P. linxiaense-ს ამ გარდამავალი პერიოდის სადღაც შუაში ათავსებს, უშუალოდ იმ პერიოდის წინ, ვიდრე გიგანტური მარტორქები ტიბეტისკენ დაიძვრებოდნენ.
არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში ტიბეტის ზეგანზე წარმოდგენილი ყოფილიყო ტყეებისა და ღია ლანდშაფტების ნაზავი. ასეთ გარემოში კი გიგანტურ მარტორქებს არ უნდა გასჭირვებოდათ ფოთლოვანი ხეებისა და ბუჩქნარის მოძებნა, რითაც ისინი იკვებებოდნენ.
„ეს აღმოჩენები აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ გიგანტურმა მარტორქებმა ტიბეტის რეგიონი შეიძლება იქამდე გადაკვეთეს, ვიდრე ის დღევანდელ, შემაღლებულ პლატოდ იქცეოდა“, — ვარაუდობს მკვლევართა ჯგუფი.
მათივე განცხადებით, უკვე იქიდან, მარტორქებმა შეიძლება ოლიგოცენის ეპოქაში მიაღწიეს ინდოეთ-პაკისტანის სუბკონტინენტს, სადაც აღმოჩენილია გიგანტური მარტორქების სხვა ეგზემპლარებიც.
დღეს მარტორქები თავიანთ რქით არიან გამორჩეული, მაგრამ სინამდვილეში, ეს გამონაზარდი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. მარტორქების წინაპართა უმეტესობას ის არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადრეული მარტორქები ტაპირებს ჰგავდნენ, რომლებიც თავის მხრივ წააგავდნენ ჯმუხი სხეულის მქონე გარეულ ღორებს.
პარაცერათერიუმები Rhinocerotoidea-ს სუპეროჯახის ქვეოჯახია, რომელსაც თანამედროვე მარტორქებიც მიეკუთვნება. ისინი დედამიწაზე 11 მილიონი წლის განმავლობაში დააბიჯებდნენ, ჩრდილოეთ მონღოლეთიდან პაკისტანამდე. არავინ იცის, რა გახდა მათი აღსასრულის მიზეზი.
კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.