აღმოჩენილია ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხმალკბილა კატის ნამარხი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხმალკბილა კატის ნამარხი — #1tvმეცნიერება

ნამარხების დეტალური შედარების მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა გამოავლინეს გიგანტური ხმალკბილა კატის ახალი სახეობა, სახელად Machairodus lahayishupup-ი, რომელიც 5-9 მილიონი წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკის ღია სივრცეებში დაეხეტებოდა.

ის ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთი უდიდესი კატაა. კვლევის მიხედვით, მისი სხეულის მასა 274 კგ ან მეტი უნდა ყოფილიყო. წარმოადგენს კარგად ცნობილი სმილოდონის, ე. წ. ხმალკბილა ვეფხვის უძველეს ნათესავს.

ანალიზები ჩაუტარეს მუზეუმებში დაცულ M. lahayishupup-ის შვიდ ნამარხს, მათ შორის ზედა კიდურებსა და კბილებს; ამის შემდეგ, მონაცემები სხვა სახეობებისას შეადარეს, რათა გამოევლინათ ახალი კატისებრი.

„ამ ყველაფრის ერთ-ერთი უდიდესი ამბავი ის არის, რომ ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილის მუზეუმებში ამ გიგანტური კატის მრავალი ეგზემპლარი აღმოვაჩინეთ. ისინი მართლაც დიდი კატები უნდა ყოფილიყვნენ. გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, გვეტყოდა თუ არა რაიმეს ამ ძვლების ზომებისა და ანატომიის კვლევა. დიახ, ძალიან ბევრი რამ გვითხრა“, — ამბობს გონზაგის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი ჯონ ორკატი.

ძვლების ასაკი და ზომა მკვლევრებისთვის კარგი საწყისი წერტილი აღმოჩნდა. ამ რელიკვიებსა და კატის სხვა სახეობათა შორის მსგავსებებისა და განსხვავებების საპოვნელად, შემდეგ მათ გამოიყენეს ციფრული ფოტოები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა.

ანალიზებმა აჩვენა, რომ ეგზემპლარები ერთი სახეობის გიგანტურ კატას ეკუთვნოდა, რომელიც აქამდე იდენტიფიცირებული არ იყო. დამატებით მტკიცებულებას წააწყდნენ კბილებში, მაგრამ მკვლევრები აღიარებენ, რომ ცოტა გაურკვეველია დეტალები ადრეული ხმალკბილა კატების ერთმანეთთან ნათესაობის შესახებ.

ამ კატებისთვის მსხვერპლის მოსანადირებლად უმნიშვნელოვანესია ზედა კიდურები. კვლევისას გამოვლენილი უდიდესი ზედა კიდური, ანუ ნამარხი მხრის ძვალი 1,4-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამჟამინდელი ლომების სხეულის ეს ნაწილი. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რამდენად ზორბა და მძლავრი უნდა ყოფილიყო M. lahayishupup-ი.

„ჩვენი აზრით, ეს ცხოველები რუტინულად ნადირობდნენ ბიზონის ზომის ცხოველებზე. სხვათა შორის, ისინი იმ დროისათვის არსებული ყველაზე დიდი კატები უნდა ყოფილიყვნენ“, — ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ჯონათან კალიდი.

იმ პერიოდში უხვად უნდა ყოფილიყვნენ მარტორქები და შესაბამისად, M. lahayishupup-ი შეიძლება მათზეც ნადირობდა, ისევე როგორც აქლემებსა და ზარმაცებზე, რომლებიც მაშინ ამჟამინდელებზე გაცილებით დიდები იყვნენ.

ხმაკლბილა ვეფხვი,გიგანტური კატები

M. lahayishupup-ის იდენტიფიცირება ძირითადად მხოლოდ მხრის ძვლების საფუძველზე მოხდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა შეუძლია ანალიზის უახლეს პროგრამული უზრუნველყოფას და მუხლჩაუხრელ მუშაობას ერთობლივად.

ასე შორეული წარსულის კვლევა მარტივი არ არის. მკვლევართა განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად სად თავსდება ეს სახეობა ხმალკბილა კატების ოჯახურ ხეზე, რასაც დამატებითი კვლევები სჭირდება. ამას გარდა, აღმოჩენამ მნიშვნელოვანი ევოლუციური კითხვები წარმოშვა ამ გიგანტური კატების შესახებ.

„ცნობილია, რომ გიგანტური კატები ბინადრობდნენ ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. იმავე პერიოდის ასეთი კატები ახლა უკვე ჩრდილოეთ ამერიკაშიც ვიპოვეთ“, — ამბობს კალიდი.

მისივე განცხადებით, უცნობი რჩება, ამ გიგანტურმა კატებმა ყოველ კონტინენტზე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მრავალგზის ევოლუცია განიცადეს ნადირობის გზების შესაბამისად, თუ არსებობდა წინაპარი გიგანტური ხმალკბილა კატა, რომელიც ყველა ამ კონტინენტზე გავრცელდა.

კვლევა Journal of Mammalian Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.osu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.