აღმოჩენილია იურული პერიოდის უნიკალური ნამარხი — კალმარი, რომელიც კიბორჩხალას ჭამდა, ამ დროს ზვიგენის მსხვერპლი გახდა #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია იურული პერიოდის უნიკალური ნამარხი — კალმარი, რომელიც კიბორჩხალას ჭამდა, ამ დროს ზვიგენის მსხვერპლი გახდა #1tvმეცნიერება

იურული პერიოდის ადრეულ ხანაში, კალმარის მსგავსმა უძველესმა არსებამ თავის კაუჭებიანი საცეცებით ლანგუსტის მსგავსი გემრიელი კიბორჩხალა დაიჭირა. როგორც კი ჭამას შეუდგა, ის თავად გადასანსლა სხვა არსებამ.

უცბად საიდანღაც მოქანდა გაცილებით დიდი არსება, კალმარს შუა რბილი ნაწილი ამოაჭამა და ამ სამმაგი ნადიმის ნარჩენები ოკეანის ფსკერისკენ ჩაიძირა.

დაახლოებით 180 მილიონი წლის შემდეგ, ეს დროში განმარხებული სცენა გერმანიის ერთ-ერთ მაღაროში აღმოაჩინეს. დეტალური ანალიზების შემდეგ, არქეოლოგები ფიქრობენ, რომ უკვე გაარკვიეს, ვინ იდგა კვების ჯაჭვის სათავეში.

ექსპერტთა განცხადებით, ამჟამად გადაშენებული კალმარის მსგავსი თავფეხიანი, რომელიც ბელემნიტების კლასს მიეკუთვნებოდა, დიდი ალბათობით იმსხვერპლა უძველესმა ნიანგმა, ზვიგენმა ან სხვა დიდმა მტაცებელმა თევზმა.

რაც არ უნდა ყოფილიყო ის, მტაცებელი ჭამის დასრულებას არ დაელოდა, რადგან თავფეხიანებს საკმაოდ მტკიცე ნისკარტის მსგავსი წარმონაქმნები აქვთ, რომელთა მონელებაც რთულია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონადირე სავარაუდოდ არ უნდა ყოფილიყო იქთიოზავრი, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაშენებული წყლის მტაცებლების ნამარხების მიხედვით, ისინი განსაკუთრებით დახელოვნებული იყვნენ ბელემნიტების მყარი ნაწილების ჭამაში. მის მუცელში მხოლოდ ბელემნიტის საცეცებზე არსებული ბრჭყალები იპოვეს და ვერანაირი სხვა მყარი სტრუქტურა.

ზღვის ნიანგებისა და მტაცებელი თევზების განმარხებული კუჭები მეორე მხრივ მიუთითებს, რომ ეს არსებები ყველაფერს ჭამდნენ, ყლაპავდნენ როგორც ბრჭყალებს, ისე კალმარის მყარ ნისკარტებს.

თუმცა, მთლიანი კალმარის შეჭმა არც ისე კარგი აზრია. ასევე გერმანიაში ნაპოვნი იურული პერიოდის კიდევ ერთი ზვიგენის ნამარხი სავსეა ბელემნიტის ბრჭყალებითა და ნისკარტებით; ექსპერტთა განცხადებით, სწორედ ეს სტრუქტურები უნდა გამხდარიყო ზვიგენის სიკვდილის მიზეზი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს, როგორ დაბლოკეს მათ ამ არსების კუჭი.

ავტორები ვარაუდობენ, რომ გარკვეული უსიამოვნო გამოცდილების შემდეგ, იურული პერიოდის უძველესმა ზვიგენებმა და ვეშაპებმა ისწავლეს, რომ კალმარის მხოლოდ რბილი ნაწილები უნდა ეჭამათ და პირი არ დაეკარებინათ ფარფლების, ნისკარტისა და მანტიისთვის.

მაგალითად, ახალ ნამარხში, ბელემნიტს შენარჩუნებული აქვს ნისკარტი და მკლავები, მაგრამ აკლია ყველა რბილი ნაწილი.

„თვალშისაცემია, რომ ბელემნიტის აკლია რბილი ნაწილების მკლავსა და კალციტურ ნისკარტს შორის. ჩვენი ვარაუდით, ეს წარმოადგენს ხერხემლიანი მტაცებლის ნადიმის ნარჩენებს, სავარაუდოდ, ის უნდა ყოფილიყო იურული პერიოდის ადრეული ხანის Hybodus hauffianus-ი. გამორჩეული აღმოჩენაა, რადგან ინფორმაციას გვაწვდის თავფეხიანისა და მტაცებლის ქცევის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

განმარხებული ნაშთების ახსნის შესაძლო სცენარის ილუსტრაციას ქვემოთ ხედავთ — კალმარის მსგავსი არსება კიბორჩხალას ჭამს, თავად მას კი ზვიგენი სანსლავს.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოჩენას ნარჩენების დაცემა უწოდა, რაც ვეშაპის დაცემას ჰგავს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ის გამოწვეულია იმით, რომ საკვების ნარჩენები ოკეანის მტაცებელმა დატოვა.

მას შემდეგ, რაც შეუჭმელი მსხვერპლი ფსკერისკენ ჩაიძირა, იქვე განმარხდა, რასაც ხელი შეუწყო ნარჩენებზე მონადირეების ნაკლებობამ და სუსტმა დინებებმა.

შედეგად მივიღეთ „პაბულიტი“, ტერმინი, რომელსაც ახალი კვლევის ავტორები განმარხებული ნარჩენების დაცემის აღწერისთვის იყენებენ. წარმოადგენს ლათინური სიტყვა pabulum-ის (საკვები) და ბერძნული სიტყვა lithos-ის (ქვა) კომბინაციას.

პაბულიტები ბევრგან არის აღმოჩენილი, ძირითადად უძველეს არსებათა მხოლოდ თავები, ფარფლები და კუდები; ისინი თითქოს ნაკლებად ღირებულია, ვიდრე სრული ნამარხი, მაგრამ ეს არასრული ნარჩენები იურული პერიოდის კვების ქსელის უნიკალურ სურათს გვიხატავს.

კვლევა Swiss Journal of Palaeontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.