აღმოჩენილია 500 მლნ წლის წინანდელი, ამ დრომდე უცნობი გიგანტური არსება, რომელიც იმ პერიოდის ზღვაში უდიდესი უნდა ყოფილიყო — #1tvმეცნიერება
500 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე მრავალი პატარა, ძლიერ უცნაური მწერი თუ ხოჭო დაფუსფუსებდა. როგორც ჩანს, მათ შორის ერთი გიგანტური თანამოძმეც დაიარებოდა.
კანადაში, ბარჯესის ფიქლების სახელით ცნობილ გეოლოგიურ ფორმაციაზე, რომელიც ნამარხების სიმრავლით არის ცნობილი, კამბრიული პერიოდის აქამდე უცნობი სახეობის არსების, Titanokorys gainesi-ის ნამარხი აღმოაჩინეს. მისი სიგრძე ნახევარ მეტრამდე უნდა ყოფილიყო. ჩვენთვის ახლა ის შეიძლება ძალიან პატარა ჩანდეს, მაგრამ იმ დროს, როდესაც თითქმის ყველაფერი ამ ზომის მეხუთედზე ნაკლები იყო, ის ნამდვილად უჩვეულოა.
„ამ ცხოველის ზომა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს გახლავთ კამბრიული პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ცხოველი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის“, — ამბობს ონტარიოს სამეფო მუზეუმის პალეონტოლოგი ჟან-ბერნარ კარონი.
კამბრიული პერიოდი უმნიშვნელოვანესი ხანა იყო დედამიწის ისტორიაში. დაახლოებით 541 მილიონი წლის წინ, თითქმის 25 მილიონი წლის განმავლობაში, ცხოველური სიცოცხლის თითქმის ყველა მთავარი ფორმა უეცრად გამოჩნდა; ამ მოვლენას კამბრიულ აფეთქებას უწოდებენ. მსგავსი არაფერი მომხდარა არც იქამდე და არც მას შემდეგ.
თუმცა, მაშინ გაჩენილი მრავალი არსება ძლიერ უცნაური იყო, სულ მცირე, დღევანდელ სიცოცხლესთან შედარებით. ეკლიანი ჭიაყელები, ფეხებიანი ჭიაყელები, უცნაური მედუზები, აი, ეს უცნაური არსება — დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, აუცილებლად იფიქრებდით, რომ უცხო პლანეტაზე მოხვდით.
ამ ცხოველთა შესახებ იქიდან ვიცით, რომ შემორჩენილია მათი ნაკვალევი და ნამარხები უძველეს თიხიან ფიქლებზე; ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილია ბარჯესის ფიქლები კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში. სწორედ ამ ადგილას იპოვეს კარონმა და მისმა კოლეგამ, ჯო მოისიუკმა ამ უცნაური არსების მრავალი ნაკვალევი.
ფიქლებს შენახვის (კონსერვირების) უნიკალური თვისებები აქვს, რის გამოც დანალექოვანი თიხა ძალიან წვრილი ნაწილაკებისგან შედგება; ამის წყალობით, მეცნიერებმა ცხოველის იდენტიფიცირება და დეტალური აღწერა შეძლეს. მიეკუთვნება კამბრიული პრიმიტიული ფეხსახსრიანების ამჟამად გადაშენებულ ჯგუფს, სახელად რადიოდონტებს, რომელიც მოიცავდა ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ დიდ მტაცებლებს.
მათ შორის უდიდესია სახელგანთქმული ანომალოკარისი, რომელიც ყველაზე ადრეულ მტაცებლად მიიჩნევა; მისი სიგრძე ერთ მეტრამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას დიდად არც ახლად აღმოჩენილი Titanokorys-ი ჩამორჩება.
„Titanokorys-ი რადიოდონტების ქვეჯგუფს მიეკუთვნება, სახელად ჰურდიიდებს; ისინი გამოირჩეოდნენ წარმოუდგენლად გრძელი თავით, რომელსაც მრავალი სხვადასხვა ფორმის სამნაწილიანი ბაკანი ფარავდა“, — ამბობს მოისიუკი.
მისი განცხადებით, ტანთან შედარებით თავი იმდენად გრძელია, რომ ეს ცხოველები თითქმის მოცურავე თავები უნდა ყოფილიყვნენ.
Titanokorys-ს რადიოდონტებთან საერთო მორფოლოგიური მახასიათებლები აქვს. ჰქონდა მრავალმხრივი, რთული თვალები; დისკოს ფორმის პირი შედგებოდა რადიალური დაკბილული ფირფიტებისგან; სხეულის წინიდან ჰქონდა ორი გრძელი, ბრჭყალებიანი გამონაზარდი; ტანი შედგებოდა მრავალი ფარფლისგან და ლაყუჩებისგან, რომლებიც მას ცურვაში ეხმარებოდა.
უცნობია, რატომ შეიძლება ჰქონოდათ დიდ მტაცებელ და პატარა, დანალექებით მკვებავ რადიოდონტებს ასეთი საერთო ფიზიკური მახასიათებლები. მათი ზომის ასეთი სხვადასხვაობა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რადიოდონტები ალბათ უფრო დიდ მსხვერპლს მიირთმევდნენ; ამან კი შეიძლება ახსნას, რატომ არსებობდა ერთი და იმავე ცხოველის დიდი და მცირე ვერსიები.
Titanokorys-ი ერთი საკვანძო მახასიათებლით გამოირჩევა: მისი გარე ბაკანი უფრო ფართო და გაბრტყელებულია, ვიდრე საშუალოდ რადიოდონტებისა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ცხოველი ნექტობენეტიკი იყო, ანუ ზღვის ფსკერზე ან ფსკერის სიახლოვეს ცხოვრებას მორგებული.
და როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ის დომინანტი უნდა ყოფილიყო.
„ამ უცნაურ ცხოველებს უდავოდ დიდი გავლენა უნდა ჰქონოდათ კამბრიული ზღვის ფსკერის ეკოსისტემებზე“, — ამბობს კარონი.
მისივე განცხადებით, მათი კიდურები წინიდან მრავალკბილია ფორცხს ჰგავდა და ძალიან ეფექტიანი უნდა ყოფილიყო მსხვერპლის დასაჭერად და პირისკენ წასაღებად. ზურგის უზარმაზარი ბაკანი შეიძლება გუთნის მსგავს როლსაც ასრულებდა.
ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ძებნის გაგრძელება, ისეთ კარგად შესწავლილ ადგილზეც კი, როგორიც ბარჯესის ფიქლებია. არასოდეს იცი, რომ ზუსტად შენ წინ შეიძლება გიგანტური კამბრიული ფეხსახსრიანი იმალებოდეს.
კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.